ქართველ ძალოსანთა ევროპული ნადავლი

22 ოქტომბერი 2017

ძალოსანთა ახალგაზრდული და 23-წლამდელთა დურესის (ალბანეთი) ევროპის ჩემპიონატი საქართველოს წარმომადგენელთათვის დებიუტშივე წარმატებული გამოდგა. ფიცარნაგზე გასვლამდე ერთი დღით ადრე ძალოსანთა ევროპის ფედერაციის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს შესაბამის ეროვნულ ფედერაციას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის ბათუმში ჩატარების უფლება მიანიჭა.

 სასიხარულო ცნობები დურესიდან შემდგომ დღეებშიც მოდიოდა.

ჩვენი ქვეყნის წარგზავნილებმა ორივე ასაკობრივ ჯგუფში 27 მედალი მოიპოვეს, რაც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის კახი კახიაშვილის თქმით, აბსოლუტური რეკორდია.

ახალგაზრდებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდური გამარჯვება იზეიმეს; 23-წლამდელები 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილზე გავიდნენ, მედლების რაოდენობით კი სხვათათვის მიუწვდომელნი აღმოჩნდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდული ნაკრების ხუთი წევრიდან ოთხი მედალოსანი გახდა. აქედან საუკეთესო მაჩვენებელი რევაზ დავითაძეს (85 კგ.) ჰქონდა, რომელმაც ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროები დაისაკუთრა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა დათო ხეცურიანიც (105 კგ.). მან ატაცში მოპოვებული ოქრო და აკვრაში აღებული ბრინჯაო ორჭიდის ჯამში ოქროდ აქცია.

სამი ვერცხლით დაასრულა კონტინენტის პირველობა გიორგი ჩხეიძემ (+105 კგ.), ხოლო ირაკლი ჩხეიძემ (105 კგ.) ატაცში დაკავებული მეექვსე ადგილი და აკვრაში აღებული ვერცხლი ორჭიდის ჯამში ბრინჯაოდ აქცია.

23-წლამდელებიდან მედლებამდე შვიდიდან ხუთმა ძალოსანმა გაიკვალა გზა. მათ შორის საუკეთესო შედეგს საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ერთადერთმა ქალმა  ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ.) და ვაჟებში შოთა მიშველიძემ (62 კგ.) მიაღწიეს, რომლებიც ატაცის, აკვრისა და ორჭიდის ჯამში უძლიერესები იყვნენ.

ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლებამდე გაიკვალეს გზა რამინ შამილიშვილმა (62 კგ.), გოგა ჩხეიძემ (69 კგ.) და ლონგინოზ ბრეგვაძემ (105 კგ.). ცალკეულ დისციპლინებში  შამილიშვილმა ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა, ჩხეიძემ ბრინჯაო და ოქრო, ბრეგვაძე კი ატაცში იყო საუკეთესო, აკვრაში კი მეოთხე.

ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა გოდერძი ბერდელიძე (56 კგ.)- ის ატაცსა და აკვრაში შესაბამისად მეოთხე და მესამე ადგილებზე გავიდა.

ამ შეჯიბრებებში ნაჩვენები შედეგი მოწმობს, რომ ქართულ ძალოსნობას საიმედო თაობა ეზრდება.

წლევანდელი ძალოსნური სეზონის მთავარი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე ანაჰაიმში (აშშ) გაიმართება.