ჩინეთის ოლიმპიური ნაკრების ყოფილი ექიმის ბრალდებები

23 ოქტომბერი 2017

ჩინეთის ოლიმპიური ნაკრების ყოფილი ექიმის სიუ იენსინის მტკიცებით, 1980-90-იან წლებში 10 ათასამდე ჩინელი სპორტსმენი ჩართული იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დოპინგ-პროგრამაში და სისტემატურად ღებულობდა აკრძალულ პრეპარატებს. 

ამის შესხებ ვრცელ წერილს აქვეყნებს პოპულარული ვებ-გვერდი insidethegames.biz.

79 წლის სიუ იენსინმა შარშანწინ დატოვა ჩინეთი და გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა. გერმანულ ტელეკომპანია ARD-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  ჩინელმა ექიმმა აღნიშნა, რომ სპორტსმენებს 11 წლის ასაკიდან რთავდნენ სავალდებულო დოპინგ-სქემაში და ვინც ამას უარობდა, მას სანაკრებო კარიერა შეზღუდული ჰქონდა: „თუ თქვენ უარს ამბობთ, მაშასადამე თქვენ უნდა დატოვოთ გუნდი."

სიუ იენსინი თვლის, რომ ჩინელების მიერ 1980-90-იან წლების დიდ შეჯიბრებებში მოპოვებული მედლები სწორედ იმ  დოპინგ-პროგრამების დამსახურებაა, რომელებიც მოქმედებდა სპორტის უმეტეს სახეობაში.

იენსინი ამტკიცებს, რომ სპორტსმენები მოსამზადებელ პერიოდში არაერთ ტესტირებას გადიოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ აგზავნიდნენ საერთაშორისო შეჯიბრებაზე.

„ჩინელი სპორტსმენები - ეროვნული ნაკრები გუნდების წევრები ფართოდ იყენებდნენ აკრაძალულ სტიმულატორებს, ამიტომაც მათ მიერ იმ წლებში მოპოვებული ყველა საერთაშორისო მედალი დაბრუნებული უნდა იქნას, - აცხადებს იენსინი, - ჩინეთში მხოლოდ დოპინგის სჯეროდათ. ვინც დოპინგს ღებულობდა, მხოლოდ იმას თვლიდნენ ქვეყნის სპორტული ინტერესების საიმედო დამცველად."

ჩინეთის ოლიმპიურ კომიტეტს ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.