24 ოქტომბერს ოლიმპიაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლს დაანთებენ

23 ოქტომბერი 2017

ხვალ, 24 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 12 საათზე საბერძნეთში, ძველ ოლიმპიაში დაიწყება 2018 წლის ზამთრის თამაშების ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიალი.

დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, პარაბოლური ლინზების მეშვეობით ზევსის ტაძართან ცეცხლს დაანთებს ქალღმერთ ჰერას უმაღლესი ქურუმი, რომელიც ოლიმპიურ ჩირადღდანს გადასცემს 20 წლის ბერძენ მოთხილამურეს აპოსტოლოს ანგელისს: „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი მეჩირაღდნე. ეს ნამდვილად უნიკალური მომენტია, რომელსაც მოუთმენლად ველი. მე ძალიან ამაყი ვარ და ბედნიერების განსაკუთრებული გრძნობა მავსებს,"- ამბობს ანგელისი, რომელსაც პიონჩანგის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. მისგან ესტფეტას ჩაიბარებს ცნობილი სამხრეთკორეელი ფეხბურთელი პაკ ჩი სონი, რომელიც 2005-2012 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა, კორეის ნაკრებში კი 100 მატჩი ჩაატარა.

ოლიმპიური ცეცხლი ერთი კვირა იმოგზაურებს საბერძნეთში, ესტაფეტაში ჩაერთვება 500-ზე მეტი მეჩირაღდნე. ისინი გაივლიან 2 129 კილომეტრს, 20 მუნიციპალურ ტერიტორიაზე მოეწყობა 36 საზეიმო შეხვედრა. ამის შემდეგ, 31 ოქტომბერს, ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე დაგეგმილ ოფიციალურ ცერემონიალზე ოლიმპიური ცეცხლი გადაეცემა „პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს.

ჩირაღდნის ადგილობრივ ესტაფეტას სპონსორობას გაუწევს კომპანია Toyota, რომელმაც წლის დასაწყისში გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება საბერძნეთის ოლიმპიურ კომიტეტთან.

„პიონჩანგ- 2018"-ის ჩირაღდანი, სიმბოლურად, 700 მილიმეტრის სიგრძისაა, ნიშნად იმისა, რომ  პიონჩანგი ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში - სამხრეთ კორეაში გაემგზავრება, თვითმფრინავით გაივლის 8 500 კილომეტრს, პირველ ნოემბერს კი ქალაქ ინჩხონიდან დაიწყება ცეცხლოვანი ესტაფეტის კორეული ნაწილი, რომელიც 8 პროვინციას და 20 დიდ ქალაქს მოიცავს.

100-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, 2018 წლის 9 თებერვალს, თამაშების გახსნის ცერემონიალზე, ოლიმპიურ ცეცხლს პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე აანთებენ.