WADA-ამ ჩინეთში სახელმწიფო დოპინ-პროგრამის შესაძლო არსებობის შესახებ გამოძიება დაიწყო

24 ოქტომბერი 2017

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA)  დაიწყო  გამოძიება გერმანული ტელეკომპანია ARD-ის საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმში წამოყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 1980-90-იან წლებში ჩინეთში სახელმწიფო დოპინ-პროგრამის შესაძლო არსებობის შესახებ.

ARD-ის ფილმს საფუძვლად დაედო ჩინეთის ოლიმპიური ნაკრების ყოფილი ექიმის სიუ იენსინის აღიარება იმის თაობაზე, რომ 1980-90-იან წლებში 10 ათასამდე ჩინელი სპორტსმენი ჩართული იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დოპინგ-პროგრამაში და სისტემატურად ღებულობდა აკრძალულ პრეპარატებს. სიუ იენსინი თვლის, რომ ჩინელების მიერ 1980-90-იან წლების დიდ შეჯიბრებებში მოპოვებული მედლები სწორედ იმ  დოპინგ-პროგრამების დამსახურებაა, რომლებიც მოქმედებდა სპორტის უმეტეს სახეობაში.

WADA-ას მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ  უკვე გადადგმულია ნაბიჯები ვითარებაში გასარკვევად და ფილმში მოტანილი ბრალდებების გამოსაკვლევად: „პირველ რიგში, ჩვენ მივმართეთ ჩვენს დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიწყონ გამოძიება გარე პარტნიორებთან კოორდინაციით, მოაგროვონ და გაანალიზონ ყველა საჭირო ინფორმაცია."

WADA პირობას დებს, რომ ყველაფერი ობიექტურად იქნება გამოძიებული.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს, რომელიც 1999 წელს ჩამოყალიბდა,  არაერთხელ გამოუთქვამს წუხილი იმის გამო, რომ  ჩინეთში ხშირად ირღვევა ანტისადოპინგო კოდექსის მოთხოვნები. სხვადასხვა დროს არაერთი ჩინელი სპორტსმენი ამხილეს დოპინგის მიღებაში და ჩამოართვეს ოლიმპიური მედალი.

შოკის მომგვრელი იყო WADA-ას გენერალური დირექტორის დევიდ ჰოუმენის მიერ 2013 წელს გაკეთებული სკანდალური განცხადება, რომელიც აკრძალული პრეპარატების წარმოებას ეხებოდა. სანდო კვლევებზე დაყრდნობით, ჰოუმენი ამტკიცებდა, რომ იმ ნივთიერებების 99 პროცენტი, რომელსაც  მთელ მსოფლიოში დოპინგის საწარმოებლად იყენებენ, სწორედ ჩინეთიდან მიეწოდებათ სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებებს.

ამჯერად WADA-ს მოუწევს იმის დასაბუთება, რამდენად რეალურია ჩინეთის სპორტის მიმართ წაყენებული ახალი ბრალდებები.