ოლიმპიაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი დაანთეს

24 ოქტომბერი 2017

დღეს საბერძნეთში, ძველ ოლიმპიაში გაიმართა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების  ცეცხლის დანთების ცერემონიალი. 24 ოქტომბრისთვის გამოცხადებული მოსალოდნელი უამინდობის გამო, ორგანიზარორებმა თადარიგი დაიჭირეს და პარაბოლური ლინზების გამოყენებით მზის სხივებისგან ცეცხლი ჯერ კიდევ გუშინ დაანთეს. ცერემონიის დღევანდელი, ძირითადი ნაწილი სწორედ „სათადარიგო" ცეცხლის ძველბერძნულ ამფორაში გადატანით დაიწყო და ტრადიციული წესით გაგრძელდა.

ცეცხლის დანთების რიტუალი ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოდის და დაკავშირებულია ცნობილ ლეგენდასთან ტიტან პრომეთეზე, რომელმაც ზევსს ცეცხლი მოსტაცა და ხალხს აჩუქა.

ბერძენმა მსახიობმა კატერინა ლეხუმ, რომელიც ქალღმერთ ჰერას უმაღლესი ქურუმის როლში გამოდიოდა, ჯერ ლოცვა აღავლინა („მზისა და სინათლის მეფევ, აპოლონ, გამოაგზავნე შენი სხივი და აანთე წმინდა  ჩირაღდანი სტუმართმოყვარე ქალაქ პიონჩანგისთვის. და ზევსო, მიეცი მშვიდობა მსოფლიოს ხალხებს დედამიწაზე და ადიდე გამარჯვებულები!"), შემდეგ  კი ამფორიდან ცეცხლი ოლიმპიურ ჩირაღდანზე გადაიტანა.

ამას მოჰყვა  ემოციური თეატრალიზებული საცეკვაო კომპოზიცია ოლიმპიის ნანგრევებზე და ანტიკური ოლიმპიური სტადიონის ფერდობზე განფენილი ქურუმების შესრულებით.

კატერინა ლეხუმ ოლიმპიური ჩირაღდანი გადასცა 20 წლის ბერძენ მოთხილამურეს აპოსტოლოს ანგელისს, რომელმაც ჩირღდნით ხელში გაირბინა ოლიმპიური ხეივანი, რამდენიმე წამით შეყოვნდა თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის, პიერ დე კუბერტენის ობელისკთან, შემდეგ კი ჩირაღდანი ჩააბარა ესტაფეტის მეორე მონაწილეს, ცნობილ სამხრეთკორეელ ფეხბურთელს პაკ ჩი სონს.

ოლიმპიური ცეცხლი ერთი კვირა იმოგზაურებს საბერძნეთში, ესტაფეტაში ჩაერთვება 500-ზე მეტი მეჩირაღდნე. ისინი გაივლიან 2 129 კილომეტრს, 20 მუნიციპალურ ტერიტორიაზე მოეწყობა 36 საზეიმო შეხვედრა. ამის შემდეგ, 31 ოქტომბერს, ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე დაგეგმილ ოფიციალურ ცერემონიალზე ოლიმპიური ცეცხლი გადაეცემა „პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს.

ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიალს ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და საპატიო პრეზიდენტი ჟაკ როგი, საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი, სამხრეთ კორეის პრემიერ მინისტრი  ნაგიონ ლი, „პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ლი ჰი-ბომი და სხვა ოფიციალური პირები.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რათა ჯეროვნად დავაფასოთ ის უნიკალური საჩუქარი, რომელიც ძველმა ბერძნებმა კაცობრიობას უბოძეს. სამი ათასი წლის წინ ამ მიწაზე გაიმართა პირველი ოლიმპიური თამაშები. ოლიმპიური ფასეულობები დაიბადა აქ, ოლიმპიაში. და დღეს, ეს ოლიმპიური ფასეულობები  მშვიდობა, პატივისცემა, ურთიერთგაგება, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენს მყიფე სამყაროში," - განაცხადა თომას ბახმა. 

საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში - სამხრეთ კორეაში გაემგზავრება, თვითმფრინავით გაივლის 8 500 კილომეტრს, პირველ ნოემბერს კი ქალაქ ინჩხონიდან დაიწყება ცეცხლოვანი ესტაფეტის კორეული ნაწილი, რომელიც 8 პროვინციას და 20 დიდ ქალაქს მოიცავს.

100-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, 2018 წლის 9 თებერვალს, თამაშების გახსნის ცერემონიალზე, ოლიმპიურ ცეცხლს პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე აანთებენ.