პარიზისა და ლოს-ანჯელესის მერები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

26 ოქტომბერი 2017

პარიზისა და ლოს-ანჯელესის მერებმა - ანე იდალგომ და  ერიკ გარსეტიმ  პარიზში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ამ დოკუმენტის თანახმად, 2024 და 2028 წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელმა ქალაქებმა გამოხატეს მტკიცე ნება,  ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება თამაშებისთვის მზადების პერიოდში, ერთობლივად შეიმუშავონ ინოვაციური პროექტები, მჭიდროდ ითანამშრომლონ გლობალური პარტნიორების მოსაძიებლად.

„ქალბატონ ანე იდალგოს და მე გვაერთიანებს რწმენა იმისა, რომ ოლიმპიური თამაშების წარმატებას განაპირობებს შთაგონება და ტრანსფორმაცია, - განაცხადა ერიკ გარსეტიმ, - ოლიმპიური თამაშები, რომელთა მასპინძლობის უფლებაც ჩვენ მოგვენიჭა, ეს არის შესაძლებლობა ვიმუშაოთ ერთად და ვაჩვენოთ ყველას, რომ გლობალური პრობლემების ერთობლივად განხილვისას, ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ მდგრადი გადაწყვეტილებები, რომელთაც მეშვეობითაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაუმჯობესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვა და გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა."

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.