იაპონიის ელჩი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში

27 ოქტომბერი 2017

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და  იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი შინჯი სოიამა.  მათ  უმასპინძლეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

იაპონიის ელჩმა სეოკ-ის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ტოკიოს მზადების, ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის, სხვადასხვა ოლიმპიური პროგრამების შესახებ.

 „იაპონიის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ოლიმპიურ თამაშებს. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ზაფხულისა და ზამთრის თამაშების მასპინძლობის გამოცდილება. 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იაპონიისთვის და არა მარტო სპორტული თვალსაზრისით. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი ოლიმპიადაც წარმატებით ჩაივლის. მოხარულნი ვიქნებით, თუ „ტოკიო-2020" თქვენი სპორტსმენებისთვისაც წარმატებული იქნება,"_ განაცხადა ელჩმა.

ამავე დროს, ტადაჰარუ უეჰარამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ იაპონიის მთავრობის და პრეფექტურების სპეციალური ოლიმპიური პროგრამების მეშვეობით, საქართველოს ოლიმპიელებს აღმოუჩინოს დახმარება თამაშებისთვის მზადების პერიოდში: „გთხოვთ,დაგვიკავშირდეთ და ერთად განვიხილოთ თქვენი სპორტსმენებისთვის იაპონიაში საწვრთნელი შეკრების მოწყობის, აკლიმატიზაციის და სხვა საკითხები. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი პრობლემების მოგვარებაში."

ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს კომიტეტში სტუმრობისთვის და საინტერესო შეთავაზებისთვის. მან მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ოლიმპიური მოძრაობის ისტორია, გაიხსენა სხვადასხვა ოლიმპიურ თამაშებზე, მათ შორის ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადაზე ჩვენი სპორტსმენების მიერ მიღწეული შედეგები, ისაუბრა 2020 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ გეგმებზე.

 „ჩვენი სპორტი ძირითადად საელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეს სუფსიდია ყოველწლიურად მატულობს. შესაბამისად, უმჯობესდება შედეგებიც, განსაკუთრებით კი - ჩვენთვის ტრადიციულ სახეობებში. მათ შორის, ჭიდაობაში, ძიუდოში, ძალოსნობაში. ოლიმპიურ მედლებს, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ სახეობებიდან ველით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტოკიოში წინა ოლიმპიადის შედეგების გაუმჯობესებას შევძლებთ. მინდა მადლობა გითხრათ  კეთილგანწყობისთვის.  სპორტულ ფედერაციებთან ერთად განვიხილავთ თქვენს შემოთავაზებებს და აუცილებლად ვითანამშრომლებთ თქვენს საელჩოსთან, თქვენი მეშვეობით კი - იაპონიის შესაბამის ორგანიზაციებთან,"- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.