WADA-მ ტესტირების შედეგების ანგარიში გამოაქვეყნა

29 ოქტომბერი 2017

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) გამოაქვეყნა 2016 წელს ჩატარებული ტესტირების შედეგების ანგარიში. ამ დოკუმენტის თანახმად, 2015 წელთან შედარებით 1,26%-ით  გაიზარდა ისეთი სინჯების ოდენობა, რომლებშიც აკრძალული პრეპარატების კვალი აღმოჩნდა - Adverse Analytical Findings (AAF). ამავე დროს, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, უარყოფითი შედეგები შესაძლოა ზუსტად არ შეესაბამებოდეს ანტისადოპინგო წესების დარღვევის ოდენობას, თუ დადგინდა, რომ კონკრეტული პრეპარატი სპორტსმენმა გამოიყენა თერაპიული მიზნებისთვის.

ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა იმ სინჯის შედეგები, რომლებიც  WADA-ს მიერ აკრედიტებულმა ლაბორატორიებმა აიღეს, ანალიზი ჩაუტარეს და შეიტანეს WADA-ს ანტისადოპინგო ადმინისტრაციის სისტემაში (ADAMS). 2016 წელს აღებულ 300 565 დოპინგ-სინჯში დაფიქსირდა დოპინგის გამოყენების 4 822 შემთხვევა. 2015 წლის ანალოგიური მაჩვენებელი ასეთია: 303 369 სინჯი და 3 809 უარყოფითი შედეგი.

„ტესტირების შედეგების ანგარიში მეტად ფასეული დოკუმენტია ანტისადოპინგო საზოგადოებისთვის, - აცხადებს WADA-ს პრეზიდენტი კრეიგ რიდი, - ისეთ გლობალურ ანტი-სადოპინგო პროგრამებთან ერთად, როგორიცაა საგანმანათლებლო ინიციატივები, დაზვერვა, გამოძიება და ანტისადოპინგო ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლა, WADA-ს ანგარიში არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი სპორტის მთლიანობის დასაცავად, პატიოსანი თამაშის წესების,  სამართლიანობისა და გამჭვირვალობის წასახალისებლად."