სამხრეთ კორეის ბანკები ზამთრის ოლიმპიადისთვის 18 მილიონ დოლარს გაიღებენ

30 ოქტომბერი 2017

სამხრეთ კორეის ბანკების ეროვნული ასოციაცია  18 მილიონ დოლარს გაიღებს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის. შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა „პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტსა და და ბანკების ასოციაციას შორის.

„ეს შემოწირულობა დიდად დაგვეხმარება პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებაში, - განაცხადა „პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა ლი-ჰი ბიმმა, - დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის თამაშები იქნება მშვიდობისა და სოლიდარობის დიდი ფესტივალი, რომელიც აამაღლებს სამხრთ კორეის ეროვნულ სულისკვეთებას და სიამაყეს."

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სამხრეთ კორეის მსხვილი ბანკების წარმომადგენლებმა მოინახულეს ოლიმპიური სტადიონი, სადაც გაიმართება თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალი, ასევე დაათვალიერს სხვა სპორტული ობიექტები, მათ შორის - ოლიმპიური პარკი Gangneung-ი და ტრამპლინიდან ხტომის სტადიონი.

„პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტს, გარდა  სპონსორებისა და პარტნიორი კომპანიებისა,  სოლიდურ ფინანსურ დახმარებას უწევს ქვეყნის მთავრობა.