პრაღაში ANOC-ის გენერალური ასამბლეა გაიმართება

31 ოქტომბერი 2017

2 და 3 ნოემბერს პრაღაში, სასტუმრო „ჰილტონში" გაიმართება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების  ასოციაციის (ANOC) 22-ე გენერალური ასამბლეა. პრაღაში ჩავა 205 ქვეყნის - ყველა აღიარებული ეოკ-ის - 1300-მდე დელეგატი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ასამბლეაზე მიწვეულნი არიან კუვეიტისა და ბრაზილიის წარმომადგენლებიც, რომელთაც დროებით შეჩერებული აქვთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობა.

ასამბლეის მონაწილეთა შორის იქნებიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების ხელმძღვანელები.

ANOC-ის პრეზიდენტი, შეიხი აჰმედ ალ-ფაჰად ალ-აჰმედ ალ-საბაჰი იმედს გამოთქვამს, რომ ასამბლეა ნაყოფიერად იმუშავებს და მსოფლიო სპორტისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს: „მას შემდეგ, რაც ასამბლეა ყოველწლიურ ფორმატში იკრიბება, ჩვენ უფრო პროდუქტიული და საქმიანი ურთიერთობები დავამყარეთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან, მივეცით მათ საშუალება, წამოსწიონ ნებისმიერი პრობლემური საკითხი. ახლაც მინდა მოვუწოდო ეოკ-ების წარმომადგენლებს, წამოაყენონ საქმიანი წინადადებები და აქტუალური საკითხები, რათა საუკეთესო მომსახურებით უზრუნველვყოთ ისინი. პრაღაში ჩვენთან ერთად იქნება საერთაშორისო ფედერაციების არაერთი წარმომადგენელი. მათთან ურთიერთობის მუდმივი გაღრმავება ჩვენი ვალდებულებების ნაწილია, ეს კი, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოუტანს ოლიმპიურ მოძრაობას,"- განაცხადა ANOC -ის პრეზიდენტმა.

ANOC-ის ასამბლეაზე განიხილავენ და დაამტკიცებენ ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშების პროგრამას. ეს თამაშები 2019 ოქტომბერში სან დიეგოში (აშშ) უნდა გაიმართოს.

ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას მისაღებად პრაღაში გაემგზავრნენ  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.