სოკ-ის სანქციები სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ

02 ნოემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სადისციპლინო კომისიამ, რომელსაც დენის ოსვალდი ხელმძღვანელობს, საბოლოოდ დადასტურებულად სცნო ის ფაქტი, რომ რუსმა მოთხილამურეებმა - ალექსანდრე ლეგკოვმა და ევგენი ბელოვმა დაარღვიეს სოკ-ის ანტისადოპინგო წესები.

ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგკოვი და ბელოვი მონაწილეობას ვერ მიიღებენ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. გარდა ამისა, ლეგკოვს ჩამოერთმევა 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს (რბოლა 50 კმ დისტანციაზე) და ვერცხლის (ესტაფეტა 4 X 10 კმ) მედლები. ბელოვი ოლიმპიადის პრიზიორთა შორის არ ყოფილა.

ასეთია სოკ-ის კომისიის პირველი მოსმენების შედეგი. კომისიის მომდევნო სხდომები უახლოეს დღეებში გაიმართება და, სავარაუდოდ, რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმეების განხილვაც სანქციების დაკისრებით დასრულდება.

ყველაფერი დაიწყო რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგორი როდჩენკოვი ხმაურიანი განცხადებით, რუსეთის სპორტში დოპინგის მასშტაბური გამოყენების შესახებ. თავის მხრივ, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) კანადელი იურისტის რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით შექმნა დამოუკიდებელი კომისია, რომლის დასკვნაც  ორ ნაწილად გამოქვეყნდა 2016 წლის 18 ივლისს და 9 დეკემბერს. ამ დოკუმენტში საუბარია რუსეთში დოპინგ-სინჯებით მანიპულირების ინსტიტუციონალური სისტემის არსებობაზე, რომელშიც ჩართული იყო ათასამდე რუსი სპორტსმენი.

სოკ-მა მაკლარენის კომისიის მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაციის შესასწავლად და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე  რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების გადასამოწმებლად შექმნა ორი კომისია: სადისციპლინო  კომისია სოკ-ის წევრის დენის ოსვალდის მეთაურობით, რომლის დანიშნულებაცაა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე რუსი სპორტსმენების დოპინგ-ტესტების გადამოწმება. და მეორე კომისია სამუელ შმიდის მეთაურობით, რომელიც იკვლევს ინფორმაციის რეალობას ანტიდოპინგურ სისტემაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ.

დენის ოსვალდის კომისიამ შუალედური მოხსენება წარადგინა 2017 წლის სექტემბერში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე, ამჯერად კი გამოაცხადა მასშტაბური საგამოძიებო მუშაობის პირველი შედეგებისა და სანქციების შესახებ.

ამ სანქციების აღსასრულებლად, სოკ-მა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად  დააბრუნოს ალექსანდრე ლეგკოვისთვის 50 კმ-ზე რბოლაში გამარჯვებისთვის გადაცემული ოქროს მედალი და დიპლომი, ასევე ვერცხლის მედლები და დიპლომები, რომლებიც   4 X 10 კმ ესტაფეტატაში მონაწილე  რუსმა მოთხილამურეებმა მიიღეს.

სოკ-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ წერილში ასევე ნათქვამია, რომ დენის ოსვალდის კომისია ნოემბრის ბოლომდე მოაწყობს მოსმენებს იმ რუსი სპორტსმენების საქმეებზე, რომლებიც აქტიურ სპორტში რჩებიან და პრეტენზია აქვთ მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.

რაც შეეხება რუსეთის მთლიანი ოლიმპიური დელეგაციის მონაწილეობას პიონჩანგის თამაშებში, ამ საკითხზე სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 2017 წლის დეკემბერში, შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტის, სამუელ შმიდტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე.