ANOC-ის ასამბლეის პირველი დღე: ლერი ხაბელოვის კომენტარი

02 ნოემბერი 2017

დღეს პრაღაში, სასტუმრო „ჰილტონში" დაიწყო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) 22-ე გენერალური ასამბლეა. ამ მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ასამბლეის პირველი სამუაშაო დღის მიმდინარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა ლერი ხაბელოვმა:

- ANOC -ის ასამბლეა ყოველწლიურად იკრიბება და მსოფლიოს ოლიმპიური მოძრაობის ლიდერებთან ერთად იხილავს მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. დღეს დელეგატებს საკმაოდ ვრცელი სიტყვით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. მან ისაუბრა დოპინგის წინააღმდეგ წარმოებულ უკომპრომისო ბრძოლაზე, სუფთა სპორტსმენების დაცვის აუცილებლობაზე, სპორტში ეფექტური მმართველობის მნიშვნელობაზე, მოახლოებულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ბახმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ანტისადოპინგო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, სოკ-ის საგამოძიებო კომისიების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე და თქვა, რომ დეკემბერში სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პიონჩანგში რუსეთის სპორტსმენების დაშვებასთან დაკავშირებით.
ვიდრე ყველა პროცედურა არ დასრულებულა და საბოლოო დასკვნები არ გაკეთებულა, ბახს მიუღებლად მიაჩნია მოწოდებები სანქციების დღესვე დაწესების თაობაზე. მან საკმაოდ ემოციურ ტონში გამოთქვა უკმაყოფილება ამის გამო და ყველას მოუწოდა, დაელოდონ აღმასრულებელი საბჭოს სხდომას.

ასამბლეაზე ერთწლიანი მუშაობის ანგარიშით წარსდგნენ ANOC-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, ასევე ANOC-ის პორტსმენთა კომისია. ჩვენ მოვისმინეთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელის მოხსენება, პრეზენტაციები წარმოადგინეს მსოფლიოს ოლიმპიელთა ასოციაციამ და საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ.

როგორც იცით, ANOC-ის ინიციატივით და პატრონაჟით, 2019 წლის ოქტომბერში, ამერიკაში, სან დიეგოში უნდა გაიმართოს ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშები, სადაც მონაწილეობას ჩვენც ვგეგმავთ. ამ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მოსამზადებელ სამუშაოებზე, სალიცენზიო ტურნირების ფორმატზე, უშუალოდ თამაშების პროგრამის ფორმირების პროცესზე. სავარაუდოდ, თამაშებში გამოვლენ 75-80 ქვეყნის სპორტსმენები ქვიშის სპორტის 15 სახეობაში, მათ შორის პლაჟის ჭიდაობაში. ეს იქნება ექვსდღიანი შეჯიბრება, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის მსოფლიოს სპორტში.

ბუნებრივია, დღის განმავლობაში შევხვდით არაერთ ჩვენს კოლეგას - სხადასხვა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს, გავცვალეთ ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე შევხვდით საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის რამდენიმე მაღალჩინოსანს.