ოლიმპიური სამიტის კომუნიკე

03 ნოემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ლოზანაში გაიმართა მე-6 ოლიმპიური სამიტი, რომელსაც ოლიმპიური მოძრაობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„პიონჩანგ-2018"-ის ზამთრის ოლიმპიური თამაშები; „სუფთა" სპორტსმენების დაცვა; წინასწარი დოპინგ ტესტირებების მიზნობრიობა; სამუელ შმიდტისა და დენის ოსვალდის კომისიების საქმიანობა; ტესტირების დამოუკიდებელი ორგანოს ჩამოყალიბება; ელექტრონული/კიბერსპორტის განვითარება - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც სამიტზე იმსჯელეს.

ოლიმპიური სამიტის მონაწილეებმა გაწეული მოსამზადებელი სამუშაოებისათვის მადლობა გადაუხადეს „პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტს.

სამიტზე განიხილეს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხი და  კორეის ნახევრაკუნძულზე არსებული სიტუაცია. სამიტის მონაწილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ სოკ-ს მჭიდრო კონტაქტები აქვს მთავრობებთან და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან და  არავის არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ  „პიონჩანგ-2018"-ის მაღალ დონეზე ჩატარება.

 „სოკ-მა, მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA), საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა მსოფლიო ორგანიზაციის ანტიდოპინგურმა   სპორტულმა ცენტრმა (GAISF) და ზამთრის სახეობათა საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციებმა შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც იყო სპორტსმენთა ეფექტური ტესტირება, რომელიც თვეების მანძილზე მიმდინარეობდა. „სოჭი-2014"-ზე მომხდარი ფაქტების გათვალისწინებით და იმის გამო, რომ სოკ-ის ორი კომისია იძიებს ანტიდოპინგური სკანდალის საქმეს, სამუშაო ჯგუფი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და დაუთმობს რუს სპორტსმენებს," - აღნიშნულია სამიტის კომუნიკეში.

„პიონჩანგ-2018"-ისთვის ტესტირებები ტარდება 2017 წლის აპრილიდან და გაგრძელდება 2018 წლის იანვრამდე. ამ დროისთვის სამუშაო ჯგუფმა 1800-ზე მეტ სპორტსმენს ჩაუტარა 4000-ზე მეტი მიზნობრივი ტესტი, რომლის შედეგებსაც მკაცრად აკონტროლებს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოების ასოციაცია (NADO). განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რუს სპორტსმენებთან დაკავშირებით მიღებულ პასუხებს და რეკომენდაციებს.

სამიტზე ასევე მოისმინეს ინფორმაციები შმიდტისა და ოსვალდის კომისიების საქმიანობის შესახებაც. ეს კომისიები იკვლევენ რუსეთის სპორტში დოპინგის მასობრივ გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

 „საქმის სირთულიდან გამომდინარე, კომისიის მუშაობა რამდენიმე თვე გაგრძელდა, ჩატარდა ყველა ფაქტის დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რადგან მხოლოდ მაკლარენის კომისიის ანგარიშის სასამართლო ექსპერტიზის საფუძველზე არ შეიძლებოდა მიღებულიყო ინდივიდუალური სამართლებრივი ზომები, ვინაიდან მაკლარენის მიერ გამოყენებული მეთოდიკა არ იყო გათვალისწინებული ანტიდოპინგური წესების ინდივიდუალურ დარღვევებზე. ეს არ შედიოდა მაკლარენის კომპეტენციაში და მან ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა. სწორედ ამიტომ, ოსვალდის კომისიამ ლოზანის უნივერსიტეტის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა სპეციალური მეთოდი, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდა. სწორედ ეს პროცესი გახდა მიზეზი იმისა, რომ სოკ-მა, გარდა 28 სპორტსმენის მიმართ დისციპლინური დევნის  დაწყებისა, სხვა ზომებს ვერ მიმართა. ჩვენი კომისია აგრძელებს მუშაობას და საბოლოო დასკვნა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი," -  განაცხადეს ოსვალდის კომისიის წევრებმა, რომლებიც მოქმედ რუს სპორტსმენთა საქმეების შესწავლას   ნოემბრის ბოლოს დაასრულებენ.

რაც შეეხება შმიდტის კომისიას, ეს კომისიაც უახლოეს მომავალში დაასრულებს მუშაობას და, შესაბამისად,  დასკვნაც რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.  

სამიტმა მხარი დაუჭირა სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს განზრახვას, 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღოს.

 ოლიმპიურმა სამიტმა ასევე მხარი დაუჭირა ტესტირების ახალი დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნას.   სწორედ „პიონჩანგ-2018" იქნება პირველი დიდი სპორტული ღონისძიება, რომელიც   ტესტირების ჩამტარებელი სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურის მომსახურებით ისარგებლებს. სამიტი მიესალმა  ახალი სტრუქტურის საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარეს - საფრანგეთის სპორტის ყოფილ მინისტრს,  ვალერი ფურნერონს. ახალი უწყების საზედამხედველო საბჭო პირველ სხდომას დეკემბრის დასაწყისში გამართავს და განიხილავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ახალი ორგანოს გამართულ მუშაობას შეეხება და ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას გენერალური დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით. 

სამიტზე განიხილეს კიბერსპორტის ოლიმპიური პერსპექტივა, ისაუბრეს მის  სწრაფ განვითარებაზე და პოპულარობაზე, განსაკუთრებით _ ახალგაზრდებს შორის. აღინიშნა, რომ კიბერსპორტი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სპორტული საქმიანობა.

იმისთვის, რომ სოკ-მა მომავალში კიბერსპორტი ოლიმპიურ დისციპლინად აღიაროს, მისი შინაარსი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ოლიმპიურ ღირებულებებს, დაცული უნდა იქნას საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის რეგულაციები და წესები.