2018 წლიდან მძლეოსანთა მსოფლიო რეიტინგ-სისტემა ამოქმედდება

04 ნოემბერი 2017

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IAAF) გამოაცხადა სპორტსმენების ოფიციალური მსოფლიო რეიტინგ-სისტემის  შექმნის შესახებ. ეს ახალი სისტემა 2018 წელს ამოქმედდება და ერთგვარი საკვალიფიკაციო მექანიზმი იქნება დიდი შეჯიბრებებისთვის მძლეოსნების შესარჩევად.

„სპორტსმენებს, ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს, მძლეოსნობის ისტორიაში პირველად, ზუსტი წარმოდგენა ექნებათ სპორტსმენთა იერარქიის შესახებ,  ეროვნული შეჯიბრებებით დაწყებული და ყველაზე მასშტაბური ტურნირებით დამთავრებული, - განაცხადა IAAF-ის პრეზიდენტმა სებასტიან კოემ, - IAAF-ის  მსოფლიო რანჟირება, რომელიც  ძალაში შევა 2018 წლიდან, განსაზღვრავს და განაპირობებს კონკურენციის გლობალურ სისტემას, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების ჩათვლით."

რეიტინგები დაეფუძნება სხვადასხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებში დაგროვილ ქულებს, რომელთა განაწილების სისტემაზე და სპორტსმენების შერჩევის ფორმატზე დეტალური ინფორმაცია ასევე 2018 წელს გამოქვეყნდება.

ახალი რეიტინგ-სისტემის შესაქმნელად IAAF-მა ხელშეკრულება გააფორმა უნგრულ კომპანია Elite Ltd -სთან, რომელსაც ეკუთვნის მძლეოსნობის სტატისტიკისა და შედეგების ბაზის ყველაზე დიდი საიტი All Athletics.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ასევე გამოაცხადა ახალი დეპარტამენტის - „IAAF-ის მემკვიდრეობის" შექმნის შესხებ. ეს დეპარტამენტი თავს მოუყრის ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან ისტორიულ, სტატისტიკურ, ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალას მძლეოსნობის ისტორიაზე.