ლაშა ტალახაძის არაოფიციალური მსოფლიო რეკორდები

05 ნოემბერი 2017

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მძიმეწონოსანთა ასპარეზობებით დასრულდა. ჩემპიონატის მესამე დღე განსაკუთრებული გამოდგა. განსაკუთრებული სტუმრებით და შედეგებით. 

დუშეთის კულტურის სახლში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მსოფლიოს რეკორდები დამყარდა!

რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მის მიერვე გაზაფხულზე სპლიტის ევროპის ჩემპიონატზე ატაცში დამყარებული რეკორდი (217 კგ.) სამი კილოგრამით გააუმჯობესა (220 კგ.) და შემდეგ ორჭიდის ჯამში რიოს თამაშებზე ასევე მის მიერვე დამყარებულ მსოფლიო რეკორდსაც (473 კგ.) ჩემპიონატის საპატიო სტუმრის, საქართველოს პეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თანდასწრებით შეუტია. მსოფლიოს რეკორდი აქაც დაემხო - 474 კგ. 

ეგ არის, ძალოსნობის საერთაშორისო წესების თანახმად, ეროვნულ ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი ოფიციალურის სტატუსით ვერ ისარგებლებს, რადგან იმავე წესების თანახმად, მსგავსი შედეგები კონტინენტალურ ჩემპიონატებზე უნდა დაფიქსირდეს. 

როგორც არ უნდა იყოს, რეკორდი რეკორდია და ლაშა ტალახაძისგან ახლო მომავალში ოფიციალურ რეკორდებსაც ველით. 


საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.