ძალოსანთა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატს ტირანა უმასპინძლებს

05 ნოემბერი 2017

ევროპის  2018 წლის  ჩემპიონატი  ძალოსნობაში ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩატარდება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ (EWF), რომელიც ჯერ შვედური ქალაქ ჰალმსტადის კანდიდატურას უჭერდა მხარს, მოგვიანებით კი არჩევანი ტირანას სასარგებლოდ გააკეთა.

 ეს ჩემპიონატი ანტალიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ თურქეთის ძალოსნობის ფედერაცია, ისევე როგორც კიდე 8 ქვეყნის (ჩინეთი, რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი)  წარმომადგენლები, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ დოპინგ-პრობლემების გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს არა მარტო საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ, არამედ - ამ ტურნირების მასპინძლობაზეც უარი ეთქვათ.

„ჩვენთვის მისაღებია ალბანეთის ძალოსნობის ფედერაციის წინადადება, - ამბობს EWF-ის პრეზიდენტი ანტონიო ურსო, რომელიც გენერალურ მდივანთან ერთად ნოემბრის  შუა რიცხვებში ტირანაში ჩასვლას და მოლაპარაკების დასრულებას გეგმავს, _ ცოტა დრო რჩება  და ეს ერთგვარი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება წარმატებული ჩემპიონატი."

რაც შეეხება ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს, მას, როგორც ცნობილია, ბათუმი უმასპინძლებს.