ოლიმპიური სოფელი პირველი სტუმრების მოლოდინში

06 ნოემბერი 2017

პიონჩანგის 2018 წლისზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისთვის ორი ოლიმპიური სოფელი აშენდა, რათა სპორტსმენებს შეჯიბრების ადგილებამდე მისვლა გაუადვილდეთ. თამაშების  ორგანიზატორებმა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოაცხადეს კანვონდოს პროვინციაში კანინის ოლიმპიური სოფლის მშენებლობის ძირითადი სამუშაოების დამთავრების შესახებ, ნოემბრის დასაწყისში  კი სოკ-ის შესაბამის სამსახურებს  წარუდგინეს საბოოოდ დასრულებული კომპლექსი, რომელიც ოლიმპიელებს ცხოვრებისა და დასვენების საუკეთესო პირობებს სთავაზობს.

კანინში განთავსდებიან ყინულის სახეობების (ჰოკეი, კერლინგი, ფიგურული ციგურაობა, ციგურებით რბოლა, შორტ-ტრეკი) წარმომადგენლები. მეორე ოლიმპიური სოფელი ოლიმპიურ ცენტრ „ალპენზიაშია" განლაგებული და სამთო-სათხილამურო და საციგაო დისციპლინებში მონაწილეებს მოემსახურება.

კანინის ოლიმპიური სოფლის  22-25-სართულიანი  9 საცხოვრებელი კორპუსის ათასამდე კომფორტულ ბინას ერთდროულად 2 717 სტუმრის მიღება შეუძლია. სოფლის ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა ობიექტები, მათ შორის - სტუმრების მისაღები სივრცე ანუ ინტერზონა, სპორტსმენების სასადილო,  ტრანსპორტის ცენტრი. ოლიმპიელებს და მათს თანმხლებ პირებს ოლიმპიური სოფლიდან სპორტულ არენებამდე მისასვლელად 10-12 წუთი დასჭირდებათ.

ოლიმპიური სოფელი პირველ სტუმრებს მომავალი წლის 26 იანვრიდან მიიღებს.