ფრენკ ფრედერიქსს სოკ-ის წევრობა შეუჩერდა

07 ნოემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ნამიბიელ ფრენკ ფრედერიქსს შეუჩერდა სოკ-ის წევრის უფლებამოსილება და ჩამოერთვა ამ სტატუსით გათვალისწინებული ყველა პრივილეგია.

აღმასრულებელმა საბჭომ ეს ნაბიჯი გადადგა სოკ-ის ეთიკის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც  პარიზის სასამართლომ გასულ კვირას დაიწყო ოფიციალური გამოძიება ფრედერიქსის წინააღმდეგ, კორიფციულ გარიგებაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

დღეს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სოკ-ი პატივს სცემს უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპებს, მაგრამ „ვითარების სიმძიმისა და აქტუალობის გათვალისწინებით, რაც ზიანს აყენებს სოკ-ის რეპუტაციას, სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ დაადგინა, რომ ფრენკ ფრედერიქსს შეუჩეროს ყველა უფლებამოსილება, პრეროგატივა და ფუნქცია, რომლებიც უკავშირდება  სოკ-ის წევრობას."

სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს დღევანდელი დადგენილება ასევე გამომდინარეობს იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც სოკ-მა ფრედერიქსთან დაკავშირებით  2017 წლის 7 მარტს მიიღო. მაშინ, სწორედ ფრედერიქსის პირადი თხოვნის საფუძველზე, ის გადაყენებულ იქნა 2024 წლის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის შესარჩევად შექმნილი სოკ-ის შეფასების კომისიის და 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტებიდან.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სოკ-ის ეთიკის კომისიამ დაიწყო მოკვლევა ფედერიქსთან დაკავშირებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე 2009 წელს  განხორციელებული საეჭვო გადარიცხვის გამო.

აშშ- საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, კორუფციაში ბრალდებული სოკ-ის წევრის, ასევე ნამიბიელი ლამინა დიაკის შვილმა მასატ დიაკმა სწორედ 2009 წელს, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად რიო დე ჟანეიროს არჩევამდე სამი დღით ადრე 300 ათასი აშშ დოლარი გადარიცხა ოფშორულ კომპანიაში, რომელთანაც კავშირშია ფრენკ ფრედერიქსი. თავის მხრივ, საფრანგეთის პოლიცია იძიებს ერთ-ერთი გავლენიანი ბრაზილიელი ბიზნესმენის კომპანიის საქმიანობას, რომელმაც 1,5 მილიონი დოლარი გადაუხადა მასატ დიაკის მიერ დაარსებულ კომპანიას Pamodzi Consulting-.

50 წლის ფრენკ ფრედერიქსი 1990-იან წლებში ერთ-ერთი უძლიერესი სპრინტერი იყო: 1992 და 1996 წლებში 100 და 200 მეტრზე რბენაში ოთხჯერ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი, ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კი აქტიური სპორტული ფუნქციონერი გახდა.