რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გრიგორი როდჩენკოვს დოპინგ-სინჯების განადგურებაში ადანაშაულებს

09 ნოემბერი 2017

რუსეთის პროკურატურის შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ასევე აღძრა სისხლის სამართლის საქმე  მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი დირექტორის გრიგორი როდჩენკოვის წინააღმდეგ. საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ინფორმატორს ბრალად ედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, WADA-ას მოთხოვნების იგნორირება და სპორტსმენების დოპინგ-სინჯების განადგურება.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომიტეტმა უსაფუძვლოდ მიიჩნია WADA-ას ექსპერტის,  რიჩარდ მაკლარენის დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების ფარულად შეცვლის შესახებ. კომიტეტის მტკიცებით, რუსეთში არ მოქმედებდა სახელმწიფო დოპინგ-პროგრამა.

გამომძიებლებმა დაკითხეს 700-ზე მეტი სპორტსმენი, მწვრთნელი და მედიოკოსი, ასევე სპორტული ფედერაციების, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის და რუსეთის ნაკრები გუნდების მზადების ცენტრის თანამშრომლები. საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ არც ერთ დაკითხულს არ დაუდასტურებია დოპინგ-პროგრამის არსებობა. ამავე დროს, ზოგიერთმა მათგანმა მისცა  ჩვენება, რომ როდჩენკოვი ავრცელებდა პრეპარატებს, რომელთა თვისებები უცნობი იყო, შემდეგ კი გამოვლინდა,როგორც დოპინგი.

უფრო ადრე რუსმა სამართალდამცველებმა ინტერპოლს გრიგორი როდჩენკოვის დაკავებისა და მისი რუსეთში ექსტრადირების თხოვნით მიმართეს.  ბასმანის რაიონულმა სასამართლომ მას 28 სექტემბერს  წინასწარი ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. პროკურატურის  მტკიცებით, როდჩენკოვი სპორტსმენებს აძლევდა დოპინგს  და აკრძალულ პრეპარატს ასაღებდა ვიტამინად, თავად სპორტსმენებმა კი არ იცოდნენ, რა სახის მედიკამენტს ღებულობდნენ. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, როდჩენკოვისთვის წაყენებული მძიმე ბრალდება 10-წლიან საპატიმრო სანქციას ითვალისწინებს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა როდჩენკოვის ადვოკატის სარჩელი, რომლითაც მან ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და კანონიერად ცნო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

როდჩენკოვი 2006-2015 წლებში სათავეში ედგა რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიას, 2016 წლის იანვარში კი დატოვა რუსეთი და თავი შეაფარა ამერიკას. მან სწორედ აშშ-ში გააკეთა ხმაურიანი განცხადება რუსეთის სპორტში დოპინგის  სახელმწიფო სისტემის არსებობის შესახებ, რის შემდეგაც აგორდა ყველაზე მასშტაბური დოპინგ-სკანდალი.

ამასთან დაკავშირებით შეიქმნა სოკ-ის ორი კომისია, რომელთა  დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, დაუშვებენ თუ არა რუსეთის დელეგაციას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  აღმასრულებელი საბჭო, რომელიც   2017 წლის  5 დეკემბერს შეიკრიბება.