სოკ-ის სადისციპლინო კომისიამ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე კიდევ 4 რუსი სპორტსმენის შედეგები გააუქმა

09 ნოემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  მიერ დღეს გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სოკ-ის სადისციპლინო კომისიამ დენის ოსვალდის (თავმჯდომარე), ხუან ანტონიო სამარანჩის და პატრიკ ბაუმანის შემადგენლობით, ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებზე მოქმედი სოკ-ის ანტისადოპინგო წესების მე-2 მუხლის დარღვევაში  დამნაშავედ სცნო იულია ივანოვა, ალექსეი პეტუხოვი, ევგენია შაპოვალოვა და მაქსიმ ვილეგჟანინი და ოთხივენი დისკვალიფიცირებულნი არიან.  გარდა ამისა, ისინი ვერ მიიღებენ აკრედიტაციას ყველა მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე.

შესაბამისად, ანულირებულია ამ სპორტსმენების მიერ სოჭის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგები. ვილეგჟანინმა სოჭში ვერცხლის 3 მედალი მიიღო 50 კმ დისტანციაზე თხილამურებით რბოლაში,  კლასიკურ გუნდურ სპრინტში და 4X10 კმ ესტაფეტაში. სხვა დისკვალიფიცირებული რუსი სპორტსმენები საპრიზო ადგილებზე არ გასულან.

რამდენიმე დღით ადრე, სოკ-ის სადისციპლინო კომისიამ, ანალოგიური მიზეზით, სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს (რბოლა 50 კმ დისტანციაზე) და ვერცხლის (ესტაფეტა 4 X 10 კმ) მედლები ჩამოართვა კიდევ ერთ რუს ოლიმპიელს, ალექსანდრე ლეგკოვს.

აღსანიშნავია, რომ სოჭში 50 კმ დისტანციაზე სამივე საპრიზო ადგილი რუსებმა დაიკავეს. რაკი ოქროს და ვერცხლის პრიზიორები უკვე  დისკვალიფიცირებულნი არიან, პირველი ადგილი უნდა მიეკუთვნოს ილია ჩერნოუსოვს, რომელმაც ოლიმპიადაზე მესამე შედეგი აჩვენა.

სადისციპლინო კომისია ნოემბერში კიდევ რამდენიმე სხდომას გამართავს, სადაც განიხილავენ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე და  დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილი სხვა რუსი სპორტსმენების, მათ შორის - ბობსლეისტების, სკელეტონისტების და ჩქაროსნული მოციგურავეების საქმეებს.