მძლეოსნობის მწვრთნელებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ

10 ნოემბერი 2017

მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შუამდგომლობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის დაფინანსებით და მსოფლიო მძლეოსნობის ასოციაციის თანადგომით ჩაატარა მწვრთნელთა ტექნიკური კურსები. კურსებში მონაწილეობა მიიღო 24 მწვრთნელმა ( 18 კაცი, 6 ქალი). კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და მსოფლიო მძლეოსნობის ასოციაციის სერთიფიკატები გადასცეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბერიშვილმა , მოწვეულმა ექსპერტებმა - ვასილ ემელიანოვმა (მოლდოვა) და ვლადიმერ კონესტიაპიანმა (უკრაინა).

ექსპერტების მოსაზრებით, კურსები წარმატებით ჩატარადა და მიღებული შედეგებით კმაყოფილები დარჩნენ. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, აღნიშნეს,რომ მათთვის მწვრთნელთა ტექნიკური კურსების გავლა მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მიიღეს დიდი გამოცდილება და განათლება, რაც დაეხმარებათ ახალი სტანდარტებით მუშაობაში.

კურსის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, წარმატება უსურვა და ამგვარი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: ,, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის დაფინანსებით ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა პროგრამებს, ერთ-ერთი გახლავთ სწორედ მწვრთნელთა გადამზადების კურსები, აქ მიღებული განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია დაეხმარება ჩვენს მწვრთნელებს სპორტსმენთა ახალი სტანდარტებით მომზადებაში."