WADA -ს მნიშვნელოვანი განცხადება მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ელექტრონულ მონაცემთა ახალი ბაზის მიღების შესახებ

11 ნოემბერი 2017

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ WADA-მ მიიღო მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის  დოპინგ-ტესტების  ელექტრონულ მონაცემთა ახალი ბაზა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2012 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტომდე.

ამის შესახებ უკვე ეცნობა WADA -ს აღმასრულებელ კომიტეტს და დამფუძნებელთა საბჭოს, ასევე - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საგამოძიებო კომისიებს, რომლებსაც ხელმძღვანელობენ დენის ოსვალდი და სამუელ შმიდი (შეგახსენებთ, რომ შარშან სოკ-მა შექმნა ორი კომისია: სადისციპლინო  კომისია სოკ-ის წევრის დენის ოსვალდის მეთაურობით, რომლის დანიშნულებაცაა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების გადამოწმება. და მეორე კომისია სამუელ შმიდის მეთაურობით, რომელიც იკვლევს დოპინგის მხარდაჭერის სისტემაში რუსეთის ხელისუფლების შესაძლო  მონაწილეობას).

ამ დროისთვის WADA აწარმოებს ანონიმური ინფორმატორისგან ოქტომბრის ბოლოს მიღებული ფაილების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას იმის დასადგენად, რომელი ახალი ინფორმაციაა განსაკუთრებით ფასეული. სააგენტო ვარაუდობს, რომ 15-16 ნოემბერს სეულში გასამართ სხდომაზე შესაბამის დასკვნას წარუდგენს აღმასრულებელ კომიტეტს და დამფუძნებელთა საბჭოს (ამ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალექსანდრე ჟუკოვი და სპორტის მინისტრი პაველ კოლობკოვი).

WADA აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ახალი საკვანძო მონაცემები ადასტურებენ რიჩარდ მაკლარენის დამოუკიდებელი კომისისის მიერ რუსეთის წინააღმდეგ  შარშან  დეკემბერში წაყენებული ბრალდებების მართებულობას.

„WADA კვლაც მტკიცედ არის დარწმუნებული  იმ გამოძიების შედეგების სისწორეში, რომელიც რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ გამოაქვეყნა, - ამბობს WADA-ს პრეზიდენტი კრეიგ რიდი, - ახალი მონაცემები დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო მტკიცედ მოვთხოვოთ რუსეთის ხელისუფლებას,  საჯაროდ აღიაროს გამოძიების შედეგები. ამ შემთხვევაში ჩვენ, ყველანი ერთად, შევძლებთ ვიაროთ წინ რუსეთის სპორტისადმი საზოგადოების ნდობის აღსადგენად."

WADA კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში დაცული სინჯებისა და ელექტრონული მონაცემების ხელმისაწვდომობა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ WADA-სთვის ანონიმურად მიწოდებული ფაილები  შეიცავს ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას რუსეთში დოპინგის გამოყენების მასშტაბებზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო სპორტული საზოგადოების ზეწოლას სოკ-ის მიმართ, რომელმაც დეკემბრის დასაწყისში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის დელეგაციის დაშვების შესახებ.