გელა ზაალიშვილი - ერთადერთი მედალოსანი

13 ნოემბერი 2017

პოდგორიცაში (ჩერნოგორია) დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 23-წლამდელთა შორის.  ვაჟთა ტურნირში 9 ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მედლის მოპოვება კი მხოლოდ მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა შეძლო.

გელამ  საკვალიფიკაციო შეხვედრებში იპონით აჯობა უკრაინელ ფედირ პანკოს და სერბ ზარკო კულუმს , მაგრამ ნახევარფინალში  ტამერლან ბაშაევთან (რუსეთი) დამარცხდა.  რეპეშაჟის ფინალში ზაალიშვილმა აზერბაიჯანელ ჯალილ შუკუროვს იპონით მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ქალთა შეჯიბრებაში იასპარეზა მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ). მან  უკრაინელ კატერინა ჩერტილს და იტალიელ ჯულია უპერუცის დამაჯერებლად, მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ნაზაკატ აზიზოვასთან ვერაფერს გახდა. მარიამს რეპეშაჟის პირველივე შეხვედრაში მოეცარა ხელი და საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა.