ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენების მოლოდინში

15 ნოემბერი 2017

სამხრეთ კორეის მთავრობა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმედოვნებენ, რომ მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ჩრდილოეთ კორეის სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 9-25 თებერვალს პიონჩანგში გაიმართება.

ოლიმპიადის მასპინძლებმა მეზობლებს თავის დროზე ერთიანი გუნდით გამოსვლაც კი შესთავაზეს, სოკ-მა კი არაერთხელ განაცხადა, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საკითხი პოლიტიკური კონიუნქტურას არ უნდა უკავშირდებოდეს და ამ შემთხვევაში ყველა მხარე მოგებული დარჩება.

პიონჩანგში ჩასვლას  გეგმავს 94 ქვეყანის დელეგაცია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში. არ არის გამორიცხული, რომ 95-ე ქვეყანა სწორედ ჩრდილოეთ კორეა იყოს, რომელსაც ზამთრის სპორტის ზოგიერთ დისციპლინაში (ფიგურული ციგურაობა, თხილამურებით რბოლა, სწრაფდაშვება) რამდენიმე საკმაოდ მაღალი დონის სპორტსმენი ჰყავს. დანარჩენი ქვეყნის მეთაურის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

სამხრეთ კორეის მთავრობას აქვს მოლოდინი იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ამის შესახებ განაცხადა სამხრეთ კორეის სპორტის მინისტრმა დო ჩონ-ჰვანმა: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩრდილოეთ კორეელები შეძლებენ თამაშებში მონაწილეობას. ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ ეს შეიძლება იყოს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი მეზობელი ქვეყანა ბოლო მომენტში მიიღებს."

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე საბოლოო განაცხადის წარდგენა 29 იანვრამდეა შესაძლებელი.