WADA-ს დამფუძნებელთა საბჭომ RUSADA-ს უარი უთხრა

16 ნოემბერი 2017

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამფუძნებელთა საბჭომ დღეს სეულში გამართულ საგანგებო სხდომაზე განიხილა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) თხოვნა უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე. WADA-ას საბჭომ ერთხმად დაადგინა, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, რუსეთის მხარემ არ შეასრულა შეთანხმებული საგზაო რუკით გათვალისწინებული რამდენიმე მოთხოვნა. შესაბამისად, RUSADA ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო ანტისადოპინგო კოდექსის კრიტერიუმებს და, ვიდრე ხარვეზები არ გამოსწორდება, ვერ განაახლებს მუშაობას.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა არ შეასრულეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა - საჯაროდ არ აღიარეს რიჩარდ მაკლარენის საგამოძიებო კომისიის ანგარიშში მოტანილი ფაქტები 2014  წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე  დოპინგის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის არსებობის შესახებ. ამავე დროს, რუსეთმა WADA-ს არ გადასცა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში დაცული სინჯები. პრობლემად რჩება აგრეთვე დოპინგ-ოფიცრებისა და WADA-ს ინსპექტორების არდაშვება ე.წ დახურულ ქალაქებში.

WADA-ს დამფუძნებელთა საბჭოს დღევანდელი ვერდიქტი, შესაძლოა, დამატებითი ბარიერი აღმოჩნდეს რუსეთის ოლიმპიური დელეგაციისთვის, რომლის  2018 წლის ზამთრის თამაშებში დაშვების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

WADA-ს პრეზიდენტი კრეიგ რიდი ამბობს, რომ დამფუძნებელთა საბჭოს წევრთა აზრით, რუსეთის „სუფთა" სპორტსმენებს არ უნდა შეეზღუდოთ ნებისმიერ შეჯიბრებაში, მათ შორის - ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება: „დღეს ჩვენ ყველანი ერთად შევთანხდით იმაზე, რომ,  რასაკვირველია, „სუფთა" სპორტსმენები უნდა მონაწილეობდნენ შეჯიბრებებში, თუმცა ჩვენ არ ვწყვეტთ ამ საკითხს. ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ეს არის მხოლოდ  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეროგატივა. რაც შეეხება RUSADA-ს თავსებადობას ჩვენ კოდექსთან, რადგან რუსებს ჯერ კიდევ არ შეუსრულებიათ საგზაო რუკით გაწერილი ყველა  მოთხოვნა,  RUSADA ვერ გაანაახლებს ფუნქციონირებას."

2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსი სპორტსმენების დაშვების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო დეკემბრის დასაყისში შეიკრიბება.