კრივის საერთაშორისო აცოციაციის პრეზიდენტი გადადგა

20 ნოემბერი 2017

კრივის საერთაშორისო აცოციაციის პრეზიდენტმა (AIBA) ჩინგ-კუ ვუმ პოსტი დატოვა. ამასთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნდა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ჩინგ-კუ ვუს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ შეწყვიტონ ყველა დავა სამოქალაქო სასამართლოში და AIBA-ას სადისციპლინო კომისიაში.

„ეს  გადაწყვეტილება მივიღე  კრივის სიყვარულის გამო, რომელსაც თითქმის მთელი ცხოვრება მივუძღვენი, - განაცხადა ჩინგ-კუ ვუმ, - დათმობაზე წავედი სწორედ AIBA-ს და კრივის ინტერესებიდან გამომდინარე. მადლობელი ვარ, რომ საშუალება მქონდა ვყოფილვიყავი ჩვენი სპორტის, AIBA-ს და კრივის საზოგადოების სამსახურში."

71 წლის ჩინგ-კუ ვუ 11 წელი უძღვებოდა AIBA-ს, თუმცა ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბა აღმასკომის წევრებთან, რომლებმაც არაერთი ბრალდება წაუყენეს და ფინანსურ დარღვევებშიც ამხილეს. მხარეების დავა შვეიცარიის სამოქალაქო სასამართლოში გაგრძელდა, პრეზიდენტის ნებაყოფლობით გადადგომის შემდეგ კი ურთიერთდაპირისპირება შეწყდა.

კონგრესამდე AIBA-ს პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ფრანკო ფალჩინელი შეასრულებს.

AIBA-ს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ რიგგარეშე კონგრესზე, რომელიც 2018 წლის 27 იანვარს დუბაიში გაიმართება.