შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში

21 ნოემბერი 2017

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში  სეოკ-ის ხელმძღვანელები და აღმასკომის წევრები შეხვდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მინისტრს გააცნო ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, საერთაშორისო ოლიმპიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ასპექტები, ისაუბრა სეოკ-ის გეგმებზე, მომავალ მნიშვნელოვან ოლიმპიურ შეჯიბრებებზე, სამთავრობო და საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაციების ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა და გენერალურმა მდივანმა, ასევე აღმასკომის სხვა წევრებმა სტუმარს გაუზიარეს თავიანთი ხედვა ქართულ სპორტში მიმდინარე პროცესებზე, სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია სპორტული ცხოვრების შეუფერხებელი განვითარებისთვის.

მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა მიმდინარე სამთავრობო სტრუქტურულ ცვლილებებზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში სპორტის სფეროს გაერთიანებაზე და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეორგანიზაციაზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სპორტში ოლიმპიური მოძრაობის განსაკუთრებულ როლს და გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ოლიმპიური სახეობების ფედერაციებთან, რათა ახალი იმპულსი მივცეთ სპორტის განვითარებას და უფრო წარმატებული გავხადოთ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა.