მუხის ხე- თანამედროვე ხუთჭიდის სიმბოლო

22 ნოემბერი 2017

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის 69-ე  კონგრესის სამახსოვროდ, თბილისის ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მუხის ხის დარგვის ცერემონიალი გაიმართა. 

ამ ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი, დოქტორი კლაუს შორმანი, ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი  ჟოელ  ბუზუ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის  ეროვნული  ფედერაციის  პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევი.

 ხუთჭიდის (პენტათლონი) ისტორია ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან იწყება, თანამედროვე თამაშების პროგრამაში კი 1912 წელს, სტოკჰოლმში შეიტანეს. პირველად სწორედ სტოკჰოლმის ოლიმპიურ სტადიონზე დაირგო მუხის ხის ნერგები ოლიმპიური თამაშების ამღორძინებლის, პიერ დე კუბერტენის ინიციატივით.  დოქტორმა კლაუს შორმანმა, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტდად მისი არჩევის შემდეგ, 1993 წლის ივლისში მუხის ხის ნერგი ჩაიტანა ლონდონში, როგორც  თანამედროვე  ხუთჭიდის  სიმბოლო: ,,მუხის ხე არის ბარონ პიერ დე კუბერტენის მემკვიდრეობის ნაწილი და ჩვენ სათუთად ვუფრთხილებით ამ მემკვიდრეობას. აქედან მოდის  კონგრესის მასპინძელ ქალაქებში მუხის ხის დარგვის ტრადიციაც" - ამბობს კლაუს შორმანი.

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის 69-ე  კონგრესი 25-26 ნოემბერს თბილისში გაიმართება და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია.