სოკ-ის მორიგი სანქცია: რუს ოლიმპიელებს სოჭში მოპოვებული ოქრო და ბრინჯაო ჩამოართვეს

22 ნოემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ-ი), დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სანქციები დააკისრა სოჭის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე კიდევ 4 რუს სპორტსმენს, ამჯერად - სკელეტონისტებს: ალექსანდრ ტრეტიაკოვს, ელენა ნიკიტინას,  ოლგა პოტილიცინას და მარია ორლოვას, რომელთაც ბრალად ედებათ სოკ-ის ანტისადოპინგო წესების დარღვევა.

ოთხივე მათგანს სამუდამოდ აეკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. გარდა ამისა, ტრეტიაკოვს ჩამოერთვა სოჭში მოპოვებული ოქროს მედალი, ნიკიტინას კი - ბრინჯაოს მედალი. ასევე ანულირებულია პოტილიცინას (მე-5 ადგილი) და ორლოვას (მე-6 ადგილი) შედეგები. მათ  მოუწევთ ოლიმპიადაზე მიღებული დიპლომების სოკ-ისთვის დაბრუნება.

ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციას (IBSF)  წინადადება მიეცა, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს სოჭის ოლიმპიადის შედეგებში, ასევე მიიღოს ყველა სხვა საჭირო ზომა შიდა რეგულაციების მიხედვით.

სოკ-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიმართება ახალი მოსმენები დანარჩენი რუსი სპორტსმენების საქმეებზე.

შეგახსენებთ, რომ დენის ოსვალდის საგამოძიებო კომისია რამდენიმე თვეა იკვლევს  სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე იმ 32 რუსი სპორტსმენის დოპინ-სინჯებს, რომლებიც შარშან შექმნილი რიჩარდ მაკლარენის დამოუკიდებელი კომისიის დასკვნაში მოხვდნენ.

დღეისათვის განხილულია 19 საქმე. აქედან ანულირებულია 9 სპორტსმენის შედეგი, 1 საქმე შეწყვეტილია, 9 საქმის მოსმენის შედეგი კი ჯერ არ გამოცხადებულა.

მაკლარენის „შავ" სიაში შეტანილ რუს ოლიმპიელებს სოჭში ჯამში მოპოვებული აქვთ ოქროს 9, ვერცხლის 9 და ბრინჯაოს 1 მედალი. აქედან რუსებს უკვე ჩამოართვეს ოქროს 2, ვერცხლის 4 და ბრინჯაოს 1 მედალი.

2014 წლის საშინაო ოლიმპიადაზე რუსებმა გუნდურ ჩათვლაში 33 მედლით პირველი ადგილი დაიკავეს (13 ოქრო, 11 ვერცხლი, 9 ბრინჯაო), 26 მადლით მეორე ადგილზე გავიდნენ ნორვეგიელები (11 ოქრო, 5 ვერცხლი, 10 ბრინჯაო), 25 მედალი (10 ოქრო, 10 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) და მესამე ადგილო ერგოთ კანადელებს.