სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვისა და ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის (WOA) პრეზიდენტის ჟოელ ბუზუს შეხვედრა

24 ნოემბერი 2017

24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვისა და ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის (WOA) პრეზიდენტის ჟოელ ბუზუს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  ორგანიზაცია ,,მშვიდობა და სპორტის"  პრეზიდენტის მრჩეველი ალექსანდრა ბუზუ, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი,  სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

ჟოელ ბუზუმ მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის  საქმიანობის და ახლო მომავალში დაგეგმილი პროექტების შესახებ. ხაზი გაუსვა სხვადასხვა თაობის ოლიმპიელთა თანამშრომლობის და მათი  ინტერესების დაცვის მნიშვნელობას: „სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია, რომელსაც უკვე 22-წლიანი ისტორია აქვს, - განაცხადა  ჟოელ ბუზუმ, - ცოტა ხნის წინ ჩვენ დავაწესეთ საკუთარი ნომენკლატურული ტიტული - OLY, რომელიც გულისხმობს საზოგადოებაში ოლიმპიელის სტატუსის სიმბოლურ აღიარებას. თითოეული ოლიმპიელი მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს ნიშნად იმისა, რომ მისი მფლობელი დაფასებული ადამიანია ოლიმპიურ მოძრაობაში და თავდადებული შრომით მიაღწია გამორჩეულ წარმატებას სპორტში."

მან მოუწოდა ყველა ოლიმპიელს, ჩაერთონ ამ აქციაში და დარეგისტრირდნენ  სიმბოლური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად.

როგორც  სტუმარმა აღნიშნა, მან ამ დღეებში პირადად გადასცა OLY-ის სერთიფიკატი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს და მონაკოს მმართველ პრინცს, წარსულში წარმატებულ ოლიმპიელს  ალბერ მეორეს.

„ახლა კი მაქვს პატივი რიგით მესამე სერთიფიკატი გადავცე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ოლიმპიურ ჩემპიონს ლერი ხაბელოვს. იმედი მაქვს, რომ ეს სერთიფიკატი თქვენს სამუშაო კაბინეტში დაიდებს ბინას,"- აღნიშნა ჟოელ ბუზუმ.

ლერი ხაბელოვმა მადლობა დაგდაუხადა WOA-ას პრეზიდენტს სტუმრობისა და OLY-ის სერთიფიკატის გადაცემისთვის. შემდეგ ისაუბრა ჩვენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაზე, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციასთან დაკავშირებულ გეგმებზე: „ჩვენ დეკემბერში ვგეგმავთ ასოციაციის გაფართოებული კრების ჩატარებას, რომელსაც დაესწრებიან  ოლიმპიური სპორტული ფედერაციების მიერ შერჩეული დელეგატები. იმედი გვაქვს, რომ ასოციაციის გამგეობის ახალი შემადგენლობა უფრო აქტიურად და ნაყოფიერად იმუშავებს. ამაში ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს," - აღნიშნა ხაბელოვმა.

სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცვნენ ჩვენი სპორტის ოლიმპიურ ისტორიას.