მეორე ევროპული თამაშები: სპორტის 15 სახეობა და მედლების 189 კომპლექტი

25 ნოემბერი 2017

ზაგრებში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (ეოკ-ი) 46-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ესწრება.

ეოკ-ის  საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე სპიროს კაპრალოსმა გენერალური ასამბლეის მონაწილეებს მეორე ევროპული თამაშების მზადების შესახებ დეტალური ანგარიში ჩააბარა.

„მეორე ევროპულ თამაშებს მინსკი უმაღლესი დონის სპორტული ინფრასტრუქტურით ხვდება," - განაცხადა კაპრალოსმა და 2019 წლის მასშტაბური ღონისძიებისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურის მაღალი შეფასების გარდა,  მის  სპორტულ მხარეზეც  ისაუბრა. სპიროს კაპრალოსმა ასამბლეას ასევე მიაწოდა ინფორმაცია 2019 წლის ევროთამაშების ხარჯებისა და მარკეტინგის თაობაზე.

ბელორუსის დელეგაციის მეთაურმა გიორგი კატულინმა ასამბლეის მონაწილეებს ვრცელი ანგარიში წარუდგინა და  დეტალურად ისაუბრა სპორტული პროგრამის, საცხოვრებელი და სპორტული ინფრასტრუქტურების შესახებ.

ცნობილი გახდა, რომ საორგანიზაციო კომიტეტი 2018 წლის თებერვალში გამოავლენს კომპანიას, რომელიც ბილეთებს დაამზადებს, აპრილში კი დაიწყება ბილეთების გაყიდვა.

მე-2  ევროპული თამაშები ბელორუსის დედაქალაქ მინსკში  2019 წლის 21-30 ივნისს სპორტის 15 სახეობაში ჩატარდება.   ესენია: კალათბურთი  3х3, კრივი, ბადმინტონი, ჭიდაობა (თავისუფალი - კაცები, ქალები; ბერძნულ-რომაული), ველოსპორტი (ტრეკი და გზატკეცილი),  ტანვარჯიში (სპორტული, მხატვრული, აერობიკა, აკრობატიკა,  ბატუტზე ხტომა), კანოე, ძიუდო, კარატე, მძლეოსნობა, სამბო, მშვილდოსნობა, სასროლო სპორტი (ტყვიის სროლა, სასტენდო სროლა), მაგიდის ჩოგბურთი და პლაჟის ფეხბურთი.

სპორტსმენები მედლები 189  კომპლექტისთვის იბრძოლებენ 23 სპორტულ დისციპლინაში.