სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის 69-ე კონგრესს დაესწრო

25 ნოემბერი 2017

25  ნოემბერს სასტუმრო  ,,ჰოთელს& პრეფერენს ჰუალინგ თბილისში"  მუშაობას შეუდგა  თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის (UIPM)   რიგით 69-ე კონგრესი, რომელშიც მონაწილეობენ  60 მეტი ქვეყნის წარმომადგენლები.

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის 69-ე კონგრესზე UIPM-ის ხელმძღვანელები და წევრი ფედერაციები განიხილავენ მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, სამომავლო გეგმებს,  2018 წელს  ჩასატარებელ  შეჯიბრებებს,  სპორტულ აქტივობებს  2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადამდე პერიოდისთვის, UIPM-ის შემდგომი  განვითარების სტრატეგიას.

კონგრესზე იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, კონგრესს კი წარმატება უსურვა.

,,მაქვს პატივი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოგესალმოთ თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის 69 - ე კონგრესის დელეგატებს და სხვა ოფიციალურ პირებს, ამ მნიშვნელოვანი ფორუმის თთოეულ მონაწილეს.

მივესალმები თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის მმართველ ორგანოს-აღმასრულებელი საბჭოს წევრებს კავშირის პრეზიდენტის, დოქტორ კლაუს შორმანის მეთაურობით.

მივესალმები ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტს ჟოელ ბუზუს, რომელიც მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს აკეთებს ოლიმპიელთა დიდი ოჯახის გასაერთიანებლად.

ასევე მინდა მივესალმო კონგრესის მთავარ მასპინძელს - საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციას, რომელმაც პარტნიორებთან ერთად ბევრი იშრომა იმისთვის,რომ ეს კონგრესი მაღალ დონეზე ჩატარებულიყო.

ასეთი წარმომადგენლობით ფორუმის მასპინძლობა, დიდ პასუხისმგებლობასთან  ერთად, არის აღიარება იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი სპორტული ქვეყნების რიგში დგება.

ამას ასევე ადასტურებს ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ათეულობით პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი, მათ შორის - მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში.

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ხუთჭიდში საქართველოს ჰყავს

ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კარგი ტრადიცია შემდგომ სათანადოდ ვერ გაგრძელდა.

იმედი გვაქვს, რომ თქვენი სტუმრობა სტიმულის მიმცემი იქნება ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე ხუთჭიდის განვითარებისთვის, შემდგომ კი აქ რომელიმე ტურნირის ჩატარებისთვის.

ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე ხუთჭიდი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში უშუალოდ პიერ დე კუბერტენის ინიციატივით შეიტანეს, როგორც ანტიკური პენტათლონის მემკვიდრე. ეს ფაქტი ერთგვარი სავიზიტო ბარათია ამ მართლაც საინტერესო და უნივერსალური სახეობისთვის, რომელიც ასეთ განსხვავებულ სპორტულ დისციპლინებს  აერთიანებს.

ამ ბოლო წლებში ზოგიერთ ოლიმპიურ სახეობას, სხვადასხვა მიზეზით, გარკვეული პრობლემები შეექმნა მთელ მსოფლიოში. რამდენადაც ვიცი ეს ნეგატიური პროცესი არ შეხებია თანამედროვე ხუთჭიდს. მაშასადამე, კავშირის ხელმძღვანელობა , თქვენ ყველანი ერთად, კარგად უძღვებით საქმეს.

ჩვენ გვჯერა, რომ 69-ე კონგრესი, რომელსაც თბილისი მასპინძლობს და გადაწყვეტილებები, რომლებსაც თქვენ აქ მიიღებთ, ხელს შეუწყობს თანამედროვე ხუთჭიდის შემდგომ განვითარებას მთელს მსოფლიოში" - განაცხადა ლერი  ხაბელოვმა.

მისასალმებელი სიტყვის დასრულების შემდეგ თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა კლაუს შორმანმა ლერი ხაბელოვს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.