სოკ-მა კიდევ 4 რუსი სპორტსმენი დასაჯა

26 ნოემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ-ი) ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დასაჯა - ბობსლეისტ ალექსანდრ ზუბკოვს 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ორი ოქროს მედალი ჩამოართვა და სამუდამოდ აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

ალექსანდრ ზუბკოვმა სპორტული კარიერა 2014 წელს დაასრულა და  ამჟამად რუსეთის ბობსლეის ფედერაციის პრეზიდენტია.

გადაწყვეტილება სოკ-ის იმ კომისიამ მიიღო, რომელსაც დენის ოსვალდი ხელმძღვანელობს და რომელიც რიჩარდ მაკლარენის  დამოუკიდებელი კომისიის სკანდალურ ანგარიშში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სწავლობს.

ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის სოკ-მა კიდევ სამი რუსი სპორტსმენი დასაჯა: ბობსლეისტი ოლგა სტულნევა და მოციგურავეები -ოლიმპიადის ვერცხლის  პრიზიორები, ოლგა ფატკულინა და ალექსანდრე რუმიანცევი. მათ ასევე ჩამოერთვათ მედლები და სამუდამოდ აეკრძალათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

სოკ-ის ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე რუსეთის ნაკრებმა დაკარგა სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი გუნდური ადგილი და მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. სადამსჯელო სანქციის შემდეგ, პირველ ადგილზე დაწინაურდა  ნორვეგია, მეორე ადგილზე კი - კანადა. რუსეთის ანგარიშზე ჯერჯერობით კვლავ რჩება ოლიმპიადაზე მოპოვებული 10 ოქროს მედალი, თუმცა ოსვალდის კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია, შესაბამისად - მოსალოდნელია ახალი სანქციები.