სოკ-ის პრეზიდენტმა რუსეთი გააფრთხილა

26 ნოემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  (სოკ-ი) პრეზიდენტმა თომას ბახმა რუსეთი გააფრთხილა, რომ  ნებისმიერი  მცდელობა, გავლენა მოახდინოს  სოკ-ის  გადაწყვეტილებაზე, უშედეგოდ დასრულდება.  

საუბარია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობაზე, რომლის შესახებაც  სოკ-მა გადაწყვეტილება დენის ოსვალდის კომისიის საბოლოო დასკვნის შემდეგ უნდა მიიღოს. როგორც ცნობილია, სოკ-ის ხსენებული კომისია  სწავლობს  შარშან გამოქვეყნებულ რიჩარდ მაკლარენის სკანდალურ ანტიდოპინგურ ანგარიშს.

„არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ ის აუცილებლად იქნება სამართლიანი . ზოგიერთების აზრით, გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია აღმასრულებელ კომიტეტზე ზეწოლით, თუმცა, მსგავსი მცდელობა უშედეგო იქნება. აღმასრულებელი კომიტეტის წევრები მხოლოდ ფაქტებს და კომისიის დასკვნას დაეყრდნობიან და ამის მიხედვით  მიიღებენ გადაწყვეტილებას," - ეს განცხადება თომას ბახმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა. სოკ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია,  კონკრეტულად ვისი მხრიდან შეიძლება განახორციელდეს ზეწოლა. 

2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით  სოკ-ი საბოლოო გადაწყვეტილებას  5 დეკემბერს დანიშნულ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღებს.

დენის ოსვალდის კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალების  საფუძველზე, უკვე  14 რუსი სპორტსმენი დაისაჯა ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის - 6 მოთხილამურე,  4 სკელეტონისტი, 2 მოციგურავე და 2  ბობსლეისტი. მათ სოკ-მა ჩამოართვა  სოჭში მოპოვებული 9 მედალი  (მათ შორის - ოქროს 4 მედალი)  და სამუდამოდ აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.