სოკ-ის მორიგი სანქცია კიდევ 5 რუს სპორტსმენს შეეხო

28 ნოემბერი 2017

სოკ-ის საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც დენის ოსვალდი ხელმძღვანელობს, კიდევ  5 რუს სპორტსმენს გაუუქმა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული შედეგები.

 კომისიამ ანტიდოპინგური წესების დარღვევაში დაადანაშაულა სკელეტონისტი სერგეი ჩუდინოვი, ბობსლეისტები - ალექსეი ნეგოდაილო და დიმიტრი ტრუნენკოვი, ბიატლონისტები - იანა რომანოვა და ოლგა ვილუხინა. მათ ჩამოერთვათ მედლები და სამუდამოდ აეკრძალათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

ნეგოდაილოს და ტრუნენკოვს ოქროს მედლები ავტომატურად ჩამოერთვათ რამდენიმე დღით ადრე, როცა მათი ეკიპაჟის წევრი, ბობსლეისტი ალექსანდრ  ზუბკოვი დოპინგის მიღებაში ამხილეს.

ოლგა ვილუხინამ  ერთი ოლიმპიური ვერცხლის მედალი ბიატლონის სპრინტში მოიპოვა, კიდევ ერთი ვერცხლი კი - ესტაფეტაში იანა რომანოვასთან, ოლგა ზაიცევასთან და ეკატერინე შუმილინასთან ერთად. სოკ-ის ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, კვარტეტის ოთხივე წევრმა მედლები ავტომატურად დაკარგა.

დღეისათვის, ოსვალდის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სოკ-მა შედეგები გაუუქმა და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება სამუდამოდ აუკრძალა 14 რუს სპორტსმენს.