რუსეთი WADA-ს მთავარ ინფორმატორს დოპინგ-მაქინაციებში ადანაშაულებს

29 ნოემბერი 2017

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდა რუსეთის ანტისადოპინგო ცენტრის ყოფილი დირექტორის და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მთავარი ინფორმატორის გრიგორ როდჩენკოვის ბრალდებებს, რომლითაც მან რუსეთი დოპინგ-პროგრამის შემუშავებაში ამხილა.

„700 სპორტსმენის, მწვრთნელების, რუსეთის ნაკრების მედპერსონალის, რუსეთის სპორტული ფედერაციებისა და რუსეთის ნაკრების სპორტული მომზადების ცენტრის თანამშრომელთა, ასევე რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს და ანტისადოპინგო ცენტრის წარმომადგენელთა  დაკითხვის შედეგად,  გამოძიებამ უარყო მაკლარენის დასკვნა და როდჩენკოვის უსაფუძვლო ბრალდებები რუსეთში სახელმწიფო დოპინგპროგრამის არსებობის შესახებ, რათა სპორტსმენებს მოეპოვებინათ მედლების მაქსიმალური რაოდენობა. ასევე, გამოძიებამ ვერ დაადასტურა დოპინგ- ნიმუშების შეცვლის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებები," - ასეთია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის  დასკვნა. 

როდჩენკოვის წინააღმდეგ რუსეთში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ბრალად ედება სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შორის ისეთი  პრეპარატების სისტემატური გავრცელება, რომელთა შემადგენლობის შესახებ მათთვის არ იყო ცნობილი. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ პრეპარატები, რომელთაც როდჩენკოვი სპორტსმენებს გადასცემდა, აკრძალულ პრეპარატებს შეიცავდა.

 საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, რუსეთის დოპინგ-მაქინაციებსა და დოპინგ- ნიმუშების შეცვლაში დადანაშაულებით, როდჩენკოვი ანტისადოპინგო ცენტრში თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას შეეცადა. როგორც საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, სწორედ როდჩენკოვი იყო დოპინგ-მაქინაციებში ჩართული და დოპინგ-სინჯებიც თავად შეცვალა, რადგან მას მიუწვდებოდა ხელი სინჯების ბანკზე.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ამჟამად იკვლევს როდჩენკოვის მიერ დოპინგ-სინჯებით მანიპულირების კონკრეტულ ფაქტებს.