სოკ-ის კომისიამ რუსი სპორტსმენის საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოაქვეყნა

29 ნოემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) კომისიამ, რომელსაც დენის ოსვალდი ხელმძღვანელობს, გამოაქვეყნა სამოტივაციო ნაწილი გადაწყვეტილებისა, რომლითაც რუს მოთხილამურეს ალექსანდრე  ლეგკოვს „სოჭი-2014"-ზე მიღწეული შედეგი გაუბათილდა - ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოერთვა და სამუდამოდ აეკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. ლეგკოვის საქმეზე შედგენილი სამოტივაციო ნაწილი ანალოგიური იქნება დოპინგ-სინჯების გაყალბებაში დადანაშაულებული სხვა რუსი სპორტსმენებისთვის.

სოკ-ის კომისიის ვერდიქტი დაფუძნებულია შემდეგ მტკიცებულებებზე: მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშზე, რომელსაც რიჩარდ მაკლარენი ხელმძღვანელობს, მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგორი როდჩენკოვის  მიერ წარდგენილ მასალებზე, სპორტსმენთა დოპინგ-სინჯების ლაბორატორიულ  ანალიზსა  და ექსპერტიზის  შედეგად სინჯებზე გამოვლენილ  ნაკაწრებზე,  ასევე დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებებზე.

კომისიის აზრით, როდჩენკოვის და მაკლარენის მონაცემები საკმარისი და  საიმედოა. კომისიაში აცხადებენ, რომ მაკლარენის დასკვნა რუსეთში დოპინგის გამოყენების ინსტიტუციური სისტემის არსებობისა და მასში ჩინოვნიკებისა და სპორტსმენების ჩართვის შესახებ, შესაძლოა განხილული იყოს, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება.  

ოსვალდის კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ დოპინგ-სქემაში ჩართულ სპორტსმენებს არ შეიძლება არ სცოდნოდათ სინჯების გაყალბების  შესახებ, რადგანაც ისინი მთავარი ბენეფიციარები იყვნენ. 

 „სპორტსმენები ამ სისტემის ჭანჭიკები არიან, მათი პირდაპირი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო სქემის განხორციელება," - წერია დოკუმენტში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ სპორტსმენთა გარეშე შეუძლებელი იყო შექმნილიყო „სუფთა" შარდის ბანკი შემდგომში სინჯების შესაცვლელად.

სამოტივაციო ნაწილში, რომელიც ლეგკოვის საქმეზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სპორტსმენის დოპინგ-სიჯების სათავსს ორი T-ფორმის ნაკაწრი აქვს, რაც აშკარა გაყალბებაზე მიუთითებს.

ლეგკოვის საქმეზე ჩვენება მისცა როდჩენკოვმაც და განაცხადა, რომ სინჯებით ხორციელდებოდა მანიპულაციები, რის დასადასტურებლად მან კომისიას წარუდგინა ელექტრონული წერილები - მითითებები სპორტსმენის ანალიზის შეცვლასთან დაკავშირებით.

კომისიამ ასევე მოისმინა ლეგკოვის დაცვის კონტრარგუმენტებიც. სპორტსმენის ადვოკატთა განცხადებით, სოჭის ოლიმპიადაზე დოპინგ-სინჯების შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ WADA-ს და სოკ-ს და მათი შენახვის წესების შესახებ სპორტსმენს არ შეიძლებოდა რაიმე სცოდნოდა. ადვოკატთა განცხადებით, მაკლარენისა და როდჩენკოვის მასალები ბევრ უზუსტობასა და შეცდომას შეიცავს.  დაცვის ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც სპორტსმენის უდანაშაულობას ამტკიცებენ, ლეგკოვის სუფთა დოპინგ-სინჯებია, რომელიც მან სოჭის თამაშებზე და მთელი სეზონის -  2013-2014  წლების განმავლობაში  ჩააბარა და რომლის შედეგიც უარყოფითი იყო.   

კომისიის დასკვნის მიხედვით, სპორტსმენის პოზიცია ეჭვქვეშ არ აყენებს მაკლარენის დასკვნის არსს, რადგან ამ დასკვნაში საუბარია მთლიანობაში შეცვლილ სინჯებზე და უარყოფითი დოპინგ-სინჯები არ არის მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი.

როგორც ცნობილია, ოსვალდის კომისია იძიებს „სოჭი-2014"-ზე დოპინგ-სინჯებით მანიპულაციის ფაქტებს, რომლებზეც მაკლარენის ცნობილ დასკვნაში იყო საუბარი. ამ დასკვნის მიხედვით, სოჭის ოლიმპიადის მასპინძლები რუს სპორტსმენთა დოპინგ-სინჯებს ცვლიდნენ სპეცსამსახურების დახმარებით, ლაბორატორიის კედელზე სპეციალურად გაკეთებული ხვრელის მეშვეობით.

სწორედ დენის ოსვალდის კომისიის საბოლოო დასკვნის შემდეგ, ასევე სამუელ შმიდის კომისიის პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს სოკ-ი საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის ნაკრების 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დაშვების შესახებ.