შოთა მიშველიძემ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

30 ნოემბერი 2017

ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში დაწყებულ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ (62 კგ). ატაცში პირველი უშედეგო ცდის შემდეგ, შოთამ მომდევნო ორი წონა  - 130 და 135 კგ დაძლია, აკვრაში კი სამივე მისვლა გამოიყენა (148, 157, 163).

ქართველ ძალოსანს ორჭიდის ჯამში  298 კგ დაუგროვდა და მხოლოდ 2 კილოთი ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ ფრანცისკო ანტონიო მოსქუერა ვალენსიას (კოლუმბია).  ვერცხლის მედალი მიიღო იაპონელმა იოში იტოკაზუმ -299 კგ.

შოთა მიშველიძე 23 წლისაა. მან წლეულს, ოქტომბერში, ალბანეთში გამართულ 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ 3 წევრი გამოვა: 3 დეკემბერს იასპარეზებს რევაზ დავითაძე (85 კგ), 5 დეკემბერს - ანასტასია გოტფრიდი (90 კგ), შეჯიბრების ბოლო დღეს, 6 დეკემბერს კი ფიცარნაგზე გამოვა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105 კგ).