EOC-ის პრეზიდენტი მინსკში

30 ნოემბერი 2017

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) ახალარჩეული პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი მინსკში ჩავიდა და ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს (რომელიც, ამავე დროს, ბელორუსის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია) შეხვდა.

ლუკაშენკომ სტუმარს EOC-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ამ პოსტზე წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე განიხილეს მე-2 ევროპული თამაშებისთვის მზადების საკითხები, აგრეთვე ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც იგეგმება თამაშების პოპულარიზაციის მიზნით. როგორც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ აღნიშნა, ევროპული თამაშები უმაღლეს დონეზე ჩატარდება.

„ბელორუსში თქვენ გაქვთ მყარი საყრდენი. ჩვენი ქვეყნის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ. მით უმეტეს, ჩვენ წინ გველოდება ასეთი გამორჩეული მნიშვნელობის მოვლენა და ერთად ბევრი საქმის კეთება მოგვიწევს. გარწმუნებთ, რომ რასაც ჩვენ დაგპირდით, 2019 წლისთვის იქნება აშენებული, მოდერნიზებული და გასინჯული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, როგორც ბელორუსს სჩვევია - ღიად და გულითადად. ამ ოლიმპიადით იცხოვრებს მთელი ჩვენი ხალხი. ეს არ იქნება ლოკალური ღონისძიება. ყველა ჩვენს მეზობელს ეცოდინება, რომ აქ ტარდება ოლიმპიადა, მათთვის ყველა კარი ღია იქნება. მოვიწვევთ ყველას, ვინც მოისურვებს გვესტუმროც ჩვენს ქვეყანაში. მე ამის გარანტიას გაძლევთ,"- განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.

იანეზ კოჩიანჩიჩმა მადლობა გადაუხადა ლუკაშენკოს ევროპული თამაშების ასეთი მხარდაჭერისთვის და კმაყოფილება გამოთქვა უკვე შესრულებული და დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოების გამო. „ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ მზადების მიმდინარეობით. ჩვენ სავსებით ვეტევით დროის  გრაფიკში და დარწმუნებული ვარ, მინსკის ევროპული თამაშები წარმატებით ჩაივლის", - აღნიშნა კოჩიანჩიჩმა.

მე-2  ევროპული თამაშები ბელორუსის დედაქალაქ მინსკში  2019 წლის 21-30 ივნისს სპორტის 15 სახეობაში ჩატარდება. ესენია: კალათბურთი 3х3, კრივი, ბადმინტონი, ჭიდაობა (თავისუფალი - კაცები, ქალები; ბერძნულ-რომაული), ველოსპორტი (ტრეკი და გზატკეცილი),  ტანვარჯიში (სპორტული, მხატვრული, აერობიკა, აკრობატიკა,  ბატუტზე ხტომა), კანოე, ძიუდო, კარატე, მძლეოსნობა, სამბო, მშვილდოსნობა, სასროლო სპორტი (ტყვიის სროლა, სასტენდო სროლა), მაგიდის ჩოგბურთი და პლაჟის ფეხბურთი.

მინსკში ჩავა ევროპის 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი. ისინი იბრძოლებენ მედლების 189  კომპლექტისთვის  23 სპორტულ დისციპლინაში.