თომას ბახი: „სოკ-ი არის და იქნება ადამიანის უფლებების დაცვის საიმედო გარანტი"
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ადამიანის უფლებების დაცვას ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქებში. ამის შესახებ განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ჟენევაში გამართულ ფორუმზე - Sporting Chance Forum. მისი თქმით, სოკ-ი ვერ იმოქმედებს, როგორც მსოფლიოს მთავრობა, მაგრამ პრიორიტეტულ მნიშვნელობას მიანიჭებს ადამიანის უფლებებს თამაშების მიმღებ ქალაქებში.
„სოკ-ი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას ის მთავარი ფასეულობები, რომელზეც დაფუძნებულია ოლიმპიური თამაშები," - აღნიშნა პრეზიდენტმა ბახმა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო სოკ-ის სტრატეგია ამ მიმართულებით.
ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით სოკ-ის მიერ შემუშავებული კონკრეტული მოთხოვნები პირველად აისახა ხელშეკრულებაში, რომელიც 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქებთან - პარიზთან და ლოს-ანჯელესთან გაფორმდა. სოკ-ი მასპინძელ ქალაქებს და ქვეყნებს მოუწოდებს, ოლიმპიადის მსვლელობისას უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიები.
სოკ-ი მთავრობებს დაეხმარება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სიტუაციის გაუმჯობესებაში და ამისთვის ოლიმპიადა გამოყენებული იქნება, როგორც კატალიზატორი.
„სოკ-ი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, მაგრამ არა აპოლიტიკური. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ სოკ-ი არ არის მსოფლიო მთავრობა, ჩვენ არ გვაქვს არც მანდატი და არც საშუალება, შევცვალოთ სუვენერული ქვეყნების კანონმდებლობა. არვინ უნდა ელოდოს, რომ სოკ-ი ან რომელიმე სპორტული ფედერაცია გადაწყვეტს იმ პოლიტიკურ ან უფლებითდაცვით საკითხებს, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ვერ აგვარებს. ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებზე ვრცელდება და სოკ-ი არის და იქნება თავის სამოქმედო არეალში ადამიანის უფლებების დაცვის საიმედო გარანტი," - განაცხადა თომას ბახმა.