ტოკიოს გრან სლემი: უშანგი მარგიანის ბრინჯაო

03 დეკემბერი 2017

ტოკიოში დასრულებულ წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში - გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა უშანგი მარგიანმა (90 კგ).

იაპონურ ტატამზე მარგიანმა ხუთი ბრძოლა გამართა: პერუელ იუტა გალარეტა ვილარს და მოლდოველ ევგენი მატვეიჩუსს იპონით აჯობა, მესამე წრეში კი ვაზარით დამარცხდა ჩეხ დავიდ კლამერთან.  ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში 2 წუთსა და 47 წამში მოუგო კანადელ ლუის კრიბერ გაგნონს და ბრინჯაოსთვის პან-ამერიკული ღია პირველობის წლევანდელ გამარჯვებულს, ბრაზილიელ ედუარდო ბეტონის დაუპირისპირდა. მესამე წუთზე, როცა ბრაზილიელი ვაზარით 2:1-ს იგებდა, მარგიანმა მეტოქე შებოჭა და წმინდა მოგებით პოდიუმზე ავიდა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე უშანგი მარგიანმა ასევე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ტოკიოში იჭიდავა მსოფლიოს  ჩემპიონატის კიდევ ერთმა ქართველმა  პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ). მას მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და საბოლოოდ მე-5 ადგილზე დარჩა.

საქართველოს ნაკრების მესამე წევრმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორმა ვარლამ ლიპარტელიანმა მერვედფინალი იაპონელ კენტარო იიდასთან დამატებით დროში წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

საშინაო ტურნირში დიდი წარმატებით გამოვიდნენ იაპონელი ძიუდოისტები, რომლებმაც ქალთა და კაცთა ტურნირში  ოქროს 12, ვერცხლის 7 და ბრინჯაოს 13 მედალი მოიპოვეს.