მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში: ანასტასია გოტფრიდი ჩემპიონია!

05 დეკემბერი 2017

საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ანაჰაიმში (აშშ) მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჭიდში ოქროს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, მან გაიმარჯვა ატაცში, აკვრაში კი მეორე შედეგი აჩვენა.

 ანასტასიამ საჩემპიონო განაცხადი პირველივე დისციპლინაში - ატაცში გააკეთა, როცა 120 კგ დაძლია და უახლოესი მდევარი 7 კილოგრამით ჩამოიტოვა. აკვრაში შესრულებული სამი წარმატებული ცდის შემდეგ (135, 140, 145), ჩვენმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 265 კგ მოაგროვა და მთელი 10 კილოგრამით მოუგო მეორე ადგილზე გასულ მარია ფერნანდა ვალდესს (ჩილე) - 255 კგ. ორჭიდში მესამე იყო დომენიკელი კრისმერი სანტანა -254 კგ.

ანასტასია გოტფრიდი ერთბაშად 3 მედლის მფლობელი გახდა: ატაცსა და ორჭიდში ოქროს მედლები მიიღო, აკვრაში _ ვერცხლისა. საქართველოს ძალოსნებს ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მედლები აქამდე არასოდეს არ მოუპოვებიათ. შეგახსენებთ, რომ წლეულს ანსატასიამ ასევე გაიმარჯვა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე.

ხვალ, ჩემპიონატის ბოლო დღეს ფიცარნაგზე გავა საქართველოს ნაკრების ლიდერი, მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე.