ლაშა ტალახაძის მორიგი ტრიუმფი და ქართველ ძალოსანთა ისტორიული შედეგი

06 დეკემბერი 2017

5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო  და გუნდური მესამე ადგილი - ასეთი ბრწყინვალე შედეგით ბრუნდება საქართველოს ძალოსანთა დელეგაცია ამერიკიდან. ჩვენმა ოთხკაციანმა გუნდმა მართლაც ჩინებულად იასპარეზა შორეულ ანაჰეიმში და ახალი ფურცლით შეავსო ქართული სპორტის ისტორია.

ჩემპიონატის ბოლო დღეს შეუდარებელი იყო საქართველოს ნაკრების და მსოფლიო ძალოსნობის ლიდერი ლაშა ტალახაძე (+105 კგ). ჩვენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა შანსი არ დაუტოვა მეტოქეებს, ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიოში უძლიერესის ტიტული.

 ლაშამ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები მიიღო, გარდა ამისა, ატაცსა (220 კგ)  და ორჭიდში(477 კგ) მსოფლიოს რეკორდები დაამყარა.

ლაშა ტალახაძის მთავარ კონკურენტად ირანელ მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ბეჰდად სალიმიკორდასიაბი მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც ქართველმა ძალოსანმა მესამე ცდაზე 220 კგ აიტაცა (რაც 3 კილოგრამით აღემატება მისსავე მსოფლიო რეკორდს) და ირანელი 9 კილოგრამით ჩამოიტოვა, უკვე ცხადი გახდა, რომ  ლაშა ორჭიდში გამარჯვებას არავის დაუთმობდა. მან აკვრაში სამივე ცდა (243, 250, 257) წარმატებით გამოიყენა და ორჭიდში ასევე სარეკორდო წონა - 477 კგ დაუგროვდა. 

საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში ჩაება კიდევ ერთი ირანელი, საიდ ალიჰუსეინი. საბოლოოდ, ორჭიდში სწორედ მან დაიკავა მეორე ადგილი - 454 კგ, სალიმიკორდასიაბიმ კი მესამე შედეგი აჩვენა - 453 კგ. მიაქციეთ ყურადღება: ლაშა ტალახაძემ უახლოესი მეტოქეები შესაბამისად 23 და 24 კილოგრამით ჩამოიტოვა, რაც უჩვეულო ამბავია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.

„სასიხალულოა, რომ ჩვენი ძალოსნები საუკეთესოდ გამოვიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ისტორიული შედეგი აჩვენეს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, - ძალოსნობის ფედერაციის მიზანმიმართული მუშაობით და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით, ძალოსნობა მოკლე დროში ერთ-ერთი წარმატებული სახეობა გახდა საქართველოში. მინდა მივულოცო კახი კახიაშვილს, ფედერაციის სხვა ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვულოცავ ლაშა ტალახაძეს, ანასტასია გოტფრიდს, შოთა მიშველიძეს, ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს. ლაშამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უძლიერესი მამაკაცია. მისთვის მსოფლიოს რეკორდების დამყარება უკვე ჩვეულებრივ საქმედ იქცა, არადა, ამის უკან დგას დიდი შრომა და ძალისხმევა. ყველამ ერთად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს  ძალოსნებს  უფრო უკეთესი პირობები შევუქმნათ, რათა მეტი და მეტი წარმატება მოუტანონ ჩვენს ქვეყანას."