საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს სანქციები დააკისრა

06 დეკემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი დისკვალიფიცირებულია სოკ-ის საგამოძიებო კომისიების დასკვნის საფუძველზე.

დენის ოსვალდისა და სამუელ შმიდის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიები იძიებდნენ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე რუსი სპორტსმენების მიერ ანტისადოპინგო წესების მასობრივი დარღვევის ფაქტებს, ასევე რუსეთის სპორტში დოპინგის მხარდაჭერის ინსტიტუციური სისტემის არსებობას.

რუსი სპორტსმენები პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გამოვლენ საკუთარი ქვეყნის დროშით და სახელით. რუსეთის ოფიციალური ოლიმპიური დელეგაცია ასევე ვერ გამოვა თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებზე.  იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც გაივლიან სპეციალურ პროცედურებს და მკაცრ დოპინგ-ტესტებს, საშუალება ექნებათ პიონჩანგში იასპარეზონ ნეიტრალური დროშით. გარდა ამისა, რუსეთის მხარეს მოუწევს 15 მილიონი დოლარის გადახდა კვლევებისთვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.

სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა: „ეს იყო უპრეცედენტო თავდასხმა ოლიმპიური თამაშების და მთელი სპორტის ერთიანობაზე. დადგენილი პროცედურის შესაბამისად, სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ თანაზომიერი სანქცია დააკისრა რუსეთს დოპინგ-სინჯებით სისტემატური მანიპულაციების გამო, ამავე დროს დაიცვა „სუფთა" სპორტსმენები."