ქართველი ძალოსნები ამერიკიდან დაბრუნდნენ

09 დეკემბერი 2017

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელთა ტერმინალში თუ დამხვდურთა უჩვეულო ხალხმრავლობაა, მათ შორის, უფრო ხშირად,  სპორტის გულშემატკივრები არიან. ახლაც ასე იყო - გულშემატკივრები ანაჰაიმის (აშშ) მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს ელოდნენ, რომელიც  ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, შინ მედლებით დამძიმებული ჩამოვიდა.

ყველაზე დახუნძლული ჩამოვიდა მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ატაცის, აკვრისა და ორჭიდის ჯამში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ორი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

„ყველას დიდი მადლობა ლოცვისთვის. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, თბილი სიტყვებისთვის, პოსტებისა და კომენტარებისთვის, რომელიც დამატებით ენერგიას მაძლევდა. ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ", - დაღლილი, მაგრამ ემოციებით აღსავსე ამბობდა ლაშა ტალახაძე.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მედლით დაბრუნდა შოთა მიშველიძე (62 კგ.), ვინც ორჭიდში ბრინჯაო დაიმსახურა.

ორივე მედალოსანს აეროპორტში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს _ ჯერ ჩოხოსნები ერთგვარი დერეფნით შეეგებნენ, მერე კი ახლობელთა, მეგობართა თუ ოფიციალურ პირთაგან მილოცვებმაც არ დაახანა. ცოცხალი რიგი დადგა სამახსოვრო ფოტოების მსურველთა შორის. უკმაყოფილო არავინ წასულა - ჩემპიონმა და ბრინჯაოსანმა ყველასთვის მოიცალა.

ნაკრების წევრები, მათი მწვრთნელები თუ ფედერაციის ხელმძღვანელები მილოცვებს იღებდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვისგან და ვიცე-პრეზიდენტ მამუკა ხაბარელისგან.

„ქართველმა ძალოსნებმა  წელს არაერთხელ გაგვახარეს. ჩვენ გვყავს მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი სპორტსმენებით დაკომპლექტებული მოტივირებული გუნდი, რომელმაც ამერიკაში დიდი გამარჯვება მოიპოვა. ლაშა ტალახაძის და ჩვენი ნაკრების სხვა წევრების წარმატება,  სპორტული ოსტატობა და თავდადების უნარი იმის რწმენას გვმატებს, რომ სპორტის ამ სახეობაში 2020 წლის ოლიმპიადისთვის ძლიერი გუნდი გვეყოლება. ყველას ვულოცავ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულ ისტორიულ შედეგს - შვიდ მედალს და გუნდურ მესამე ადგილს," - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.