IOC-ის გადაწყვეტილების განსხვავებული შეფასებები

10 დეკემბერი 2017

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) ახალარჩეულმა პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა გააკრიტიკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს 5 დეკემბრის გადაწყვეტილება რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

IOC-მა დადასტურებულად სცნო სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში რუსეთში დოპინგის ინსტიტუციური სისტემის არსებობა, რის გამოც რუს სპორტსმენებს აუკრძალა პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში საკუთარი ქვეყნის დროშით და სახელთ მონაწილეობა. იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც გაივლიან სპეციალურ პროცედურებს და მკაცრ დოპინგ-ტესტებს, საშუალება ექნებათ პიონჩანგში ნეიტრალური დროშით იასპარეზონ.

კოჩიანჩიჩი კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპის წინააღმდეგ გამოდის და შიშობს, რომ სპორტში „ცივი ომის" ხანა დაბრუნდება.

„ვინც ანტისადოპინგო წესები დაარღვია, უნდა დაისაჯოს მთელი სიმკაცრით, მაგრამ მე ვერ მივესალმები იმას, როცა უდანაშაულო ხალხი ისჯება. ცხადია, რომ რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე სხვებზე  უფრო რთულ პირობებში მოუწევთ გამოსვალა  და ეს საკამათო საკითხია, " -განაცხადა კოჩიანჩიჩმა.

სხვა პოზიციაზეა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის(ANOC)  პრეზიდენტი, შეიხი აჰმად ალ-ფაჰად ალ-საბახი. ის მაღალ შეფასებას აძლევს და მიესალმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას: ANOC-ი სრულად უჭერს მხარს IOC-ის გადაწყვეტილებას რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, რომელიც გზას უტოვებს სუფთა სპორტსმენებს 2018 წელს პიონჩანგში ნეიტრალური დროშით იასპარეზონ. ANOC-ი მოუწოდებს რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ითანამშრომლოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან, რათა დაიცვას თავისი სუფთა სპორტსმენები, " - ამბობს ANOC -ის პრეზიდენტი.