ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს მოსალოდნელია რეკორდული ყინვა

11 დეკემბერი 2017

სინოპტიკოსთა პროგნოზით, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღე - 9 თებერვალი  ერთ-ერთი ყველაზე  ცივი იქნება: ყინვა რეკორდულ მაჩვენებელს - მინუს 14 გრადუსს მიაღწევს.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სტადიონი, სადაც გახსნის ცერემონია უნდა გაიმართოს, გადახურული არ არის - ორგანიზატორებმა დრო და ფული დაზოგეს.

სტადიონის მშენებლობა, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს, ორი წელი მიმდინარეობდა და  58 მილიონი დოლარი დაჯდა.

საორგანიზაციო კომიტეტი მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს, რათა მაყურებელი ყინვისგან დაიცვას. უკვე ცნობილია, რომ დაჩქარდება შემოწმების პროცედურები და ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებს დაურიგდებათ გამათბობელი პაკეტები და პლედები.

აქამდე ოლიმპიადის გახსნის ყველაზე „ცივი"  ცერემონია 1994 წელს ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში გაიმართა, როდესაც მინუს 11 გრადუსი ყინვა აღირიცხა.