სეოკ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა

12 დეკემბერი 2017

12 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის  შტაბ-ბინაში გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

აღმასკომის წევრებმა იმსჯელეს 2018 წლის 22 დეკემბერს გასამართი სეოკ-ის საანგარიშო სესიის დღის წესრიგზე,  დაამტკიცეს სესიის რეგლამენტი.

სეოკ-ის წესდების შესაბამისი მუხლის თანახმად, ასევე დამტკიცდა სესიაზე ხმის უფლებით  მონაწილეობის მისაღებად მიწვეული სპორტის არაოლიმპიური სახეობების ფედერაციების, ასევე ქართულ ოლიმპიურ მოძრაობაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირთა სია.

აღმასკომის სხდომაზე ასევე იმსჯელეს მნიშვნელოვან სამთავრობო ცვლილებებზე, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამინისტროების ფუნქციების ოპტიმიზაცია და სპორტის სფეროს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამგებლობაში გაერთიანება.

ითქვა, რომ ამ ცვლილებებმა დღის წესრიგში დააყენა სტრუქტურული გადაჯგუფების აუცილებლობა უშუალოდ სპორტულ უწებებსა და ორგანიზაციებს შორის.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს მაღალი მიღწევების სპორტს, ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდების მზადებას სპორტული ოთხწლეულის უმთავრესი შეჯიბრებებებისთვის _ ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ  ახალ ვითარებაში ოლიმპიური კომიტეტი აღიჭურვოს სპორტში მისი სტატუსისა და ფუნქციის შესაბამისი უფლებამოსილებით.  

ამ საკითხებზე ისაუბრეს  აღმასკომის წევრებმა _ ძიუდოს, ჭიდაობის, ძალოსნობის, ხელბურთის, მძლეოსნობის და ტანვარჯიშის ფედერაციების პრეზიდენტებმა _ დავით ქევხიშვილმა, გეგა გეგეშიძემ, კახი კახიაშვილმა, ზურაბ კაკაბაძემ, ალექსი ახვლედიანმა და კონსტანტინე ლაშხმა. სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა ელგუჯა ბერიშვილმა და მამუკა ხაბარელმა,  გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს სპორტის ახალი მმართველობითი სტრუქტურების  ფორმირების პროცესში, წარმოადგინოს თავისი პროფესიონალური მოსაზრებები და ხედვები.