ძიუდო: დიუსელდორფის ტურნირს დიდი სლემის სტატუსი მიეკუთვნა

15 დეკემბერი 2017

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) დიუსელდორფის გრან პრის საერთაშორისო ტურნირს დიდი სლემის სტატუსი მიაკუთვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან გერმანიის ტურნირი IJF-ის მსოფლიო ტურის უმაღლეს კატეგორიაში შედის და, შესაბამისად, იქ უფრო მეტი სარეიტინგო ქულები განაწილდება.

2018 წელს IJF-ის მსოფლიო ტურის ფარგლებში, გარდა დიუსელდორფისა, დიდი სლემის ტურნირები ჩატარდება პარიზში, ეკატერინბურგში და ტოკიოში. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს აზერბაიჯანის დედაქალაქი უმასპინძლებს, ბაქოს დიდი სლემი გაუქმებულია.

IJF-ის მსოფლიო ტურის სისტემაში რანგით მეორე ტურნირად ითვლება გრან პრი, რომელიც რამდენიმე სხვა ქალაქთან ერთად, სისტემატურად იმართება თბილისში.