პიონჩანგი სრულ მზადყოფნაშია

16 დეკემბერი 2017

პიონჩანგის 2018 წლისზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოფიციალურად გამოაცხდა მეორე ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დამთავრების შესახებ.

„ამით ჩვენ დავასრულეთ არა მარტო ოლიმპიური სოფლის, არამედ ყველა ოლიმპიური ობიექტის მშენებლობა, - აღნიშნა პიონჩანგ-2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ლი ჰი-ბიმმა, - ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ სპორტსმენებმა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ ჩამოვლენ, შესაძლებლობების სრულად გამოვლენა შეძლონ. დღეიდან ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პიონჩანგის ოლიმპიადით თითოეულმა კორეელმა და სტუმარმა მიიღოს სიამოვნება და ეს თამაშები ვაქციოთ საყოველთაო დღესასწაულად."

პიონჩანგის თამაშებისთვის განკუთვნილი მეორე ოლიმპიური სოფელი ოლიმპიურ ცენტრ „ალპენზიაშია" განლაგებული და სამთო-სათხილამურო და საციგაო სახეობებში მონაწილეებს მოემსახურება. ის აერთიანებს რვა 15-სართულიან შენობას,  600-ზე მეტ ბინას და 2000-მდე სტუმრის მიღება შეუძლია. სოფლის ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა ობიექტები, მათ შორის - საოპერაციო და სატრანსპორტო ზონები, საბანკო და საფოსტო ოფისები, მაღაზიები, სასადილო, ლაუნჯები, სამლოცველო ოთახები.

2018 წლის ზამთრის თამაშების მონაწილეებისთვის პირველი ოლიმპიური სოფლის მშენებლობა ნოემბრის დასაწყისში დასრულდა და მდებარეობს კანვონდოს პროვინციაში - კანინში. იქ  განთავსდებიან ყინულის სახეობების (ჰოკეი, კერლინგი, ფიგურული ციგურაობა, ციგურებით რბოლა, შორტ-ტრეკი) წარმომადგენლები. კანინის ოლიმპიური სოფლის  22-25-სართულიანი 9 საცხოვრებელი კორპუსის ათასამდე კომფორტულ ბინას ერთდროულად 2 717 სტუმრის მიღება შეუძლია.  ოლიმპიელებს და მათს თანმხლებ პირებს ოლიმპიური სოფლიდან სპორტულ არენებამდე მისასვლელად 10-12 წუთი დასჭირდებათ.